პოლიტიკა

პრემიერი - „იგლ ჰილსის“ პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას - მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ხელშეკრულების ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით
6 საათის წინ

პრემიერი - „იგლ ჰილსის“ პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას - მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ხელშეკრულების ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით

როდესაც ერთ საინვესტიციო პროექტს ქვეყნის განვითარებისთვის ამხელა ეფექტი მოაქვს, გასაკვირი არაა, რომ საქართველოს უცხოტომელი არაკეთილმოსურნეები მის წინააღმდეგ ასე აქტიურობენ და საკუთარ აგენტურას სრული ძალისხმევით ამუშავებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იგლ ჰილსის" პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერის თქმით, პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას.

„ერთი მხრივ, არავითარი „არაბიზაცია", არავითარი მიწის გადაცემა უცხოტომელებისთვის, არავითარი მანიპულაციები ინვესტიციის გაანგარიშებისას. მეორე მხრივ - 24 000 ათასი დროებითი და 8 000 მუდმივი სამუშაო ადგილი, დამატებით 11 მილიარდი საქართველოს ეკონომიკაში, წელიწადში დამატებით 700 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში, უმაღლესი სტანდარტების განაშენიანებული სივრცეები კრწანისსა და გონიოში, ახალი შესაძლებლობები ტურიზმის განვითარებისთვის, არავითარი ფინანსური ვალდებულება, ფინანსური გარანტია ან არასტანდარტული პირობა პარტნიორ კომპანიასთან მიმართებით, სტიმული სხვა მსხვილი კომპანიებისთვის, ჩადონ მასშტაბური ინვესტიციები ქართულ ეკონომიკაში. როდესაც ერთ საინვესტიციო პროექტს ქვეყნის განვითარებისთვის ამხელა ეფექტი მოაქვს, გასაკვირი არაა, რომ საქართველოს უცხოტომელი არაკეთილმოსურნეები მის წინააღმდეგ ასე აქტიურობენ და საკუთარ აგენტურას სრული ძალისხმევით ამუშავებენ. თუმცა, მთავარია სიმართლე და ვფიქრობ, ასეთ პირობებში, ხელისუფლების და თითოეული ინფორმირებული მოქალაქის არჩევანი ძალიან მარტივია. ჩვენი არჩევანია მშვიდობა და განვითარება საქართველოსთვის და ქართველების უკეთესი მომავალისთვის. პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას", - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ხელისუფლება სრულად დაიცავს საქართველოს ეროვნულ და დემოგრაფიულ ინტერესებს და მხოლოდ ამ პირობებში განხორციელდება ყველა პროექტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მეტ კეთილდღეობას მოუტანს“.

მისი თქმით, ხელისუფლება მზად არის, უპასუხოს ყველა კითხვას „იგლ ჰილსთან" გაფორმებული ხელშეკრულების საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო განაშენიანების გენერალური გეგმა გამჭვირვალედ, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით დამტკიცდება.

„რაც შეეხება ხელშეკრულებისთვის კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭებას, ეს ფაქტი ეფუძნება, ერთი მხრივ, საქართველოს კანონმდებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, საერთაშორისო პრაქტიკას. სახელმწიფოს არაფერი აქვს დასამალი საკუთარი მოქალაქეებისთვის და მზადაა უპასუხოს ყველა შეკითხვას ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. თუმცა, ნებისმიერი კომერციული კომპანიის ინტერესებშია, საიდუმლოდ დარჩეს ხელშეკრულების დეტალები, რათა სამომავლოდ ჰქონდეს მეტი თავისუფლება სხვა პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოებისას. სწორედ ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი მიენიჭა. როდესაც ეს ყველაფერი იცის ზოგიერთი პარტიის ბიზნესმენმა ხელმძღვანელმა და მისი პარტია ამ თემით მაინც სპეკულირებს, შეუძლებელია, არ გავიხსენოთ, თუ რამდენად მძიმეა უცხოელი აგენტის ხვედრი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ხელშეკრულების ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება განაშენიანების გენერალურ გეგმას, ის დამტკიცდება ეკონომიკის სამინისტროსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიერ, გამჭვირვალედ, კანონით გათვალისწინებული ყველა სტანდარტული პროცედურის დაცვით.

მინდა შეგახსენოთ 3 წლის წინ გაშლილი ყალბი ქსენოფობიური კამპანია საქართველოს „რუსიფიკაციისა" და ეროვნული უსაფრთხოების შერყევის შესახებ. მაშინ მოსახლეობას ვუთხარით, რომ ყველაფერი სახელმწიფოს კონტროლს ექვემდებარებოდა და დავპირდით, რომ არც საქართველოს „რუსიფიკაცია" მოხდებოდა და არც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეექმნებოდა რაიმე საფრთხე. დღეს, 3 წლის თავზე, ყველა ხედავს, რომ უცხოელი აგენტების ყალბ შფოთვას, რომლითაც მათ მაშინ საკმაოდ ბევრი კეთილსინდისიერი მოქალაქე შეიყვანეს შეცდომაში, სინამდვილეში, არავითარი საფუძველი არ ჰქონდა და ხელისუფლებამ თავისი დაპირება პირნათლად შეასრულა.

დღესაც ზუსტად იგივეს ვპირდებით ჩვენს თანამოქალაქეებს. ხელისუფლება სრულად დაიცავს საქართველოს ეროვნულ და დემოგრაფიულ ინტერესებს და მხოლოდ ამ პირობებში განხორციელდება ყველა პროექტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მეტ კეთილდღეობას მოუტანს", - განაცხადა პრემიერმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები