პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული პოლიციელის, ალექსი ბადალოვის ადვოკატის ნოდარ ცინცაძის განცხადებით, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც დაცვის მხარე დასაბუთებას გაეცნობა.
ადვოკატის განმარტებით, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლიან და მათ მხოლოდ გასაჩივრება შეუძლიათ.
„სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ყველა ბრალდებულს შეუფარდა პატიმრობა აღკვეთის ღონისძიებად. სასამართლომ გარკვეული განმარტება გააკეთა სხდომათა დარბაზში, თუმცა დასაბუთებული გადაწყვეტილება უფრო მნიშვნელოვანია. მისი გაცნობის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას მის გასაჩივრებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ შევცვლით, შესაძლოა მხოლოდ გავასაჩივროთ“, - განაცხადა ნოდარ ცინცაძემ.
კითხვაზე აღიარებს თუ არა დანაშაულს მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.
დამაზუსტებელ კითხვაზე, რა ჩვენება აქვს მიცემული ბრალდებულ პოლიციელ ალექსი ბადალოვს, ადვოკატმა განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი შემთხვევის ადგილზე თავისი მოვალეობის შესრულებისთვის მივიდა და ჩვენებაშიც ამის შესახებ საუბრობს.
„გამოძიების ეტაპზე მან მისცა ჩვენება, რომ ეკიპაჟთან ერთად სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. გამოძახებული იქნა კრიმინალური პოლიციის მიერ დახმარების მიზნით, სავარაუდო დამნაშავის დაკავების გამო. ის მივიდა შემთხვევის ადგილზე და ვიდეომასალაშიც არის ის, რომ აწვდის ხელბორკილებს კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს. ესე იგი, ეს ადამიანი შემთხვევის ადგილზე თავისი მოვალეობის შესრულებისთვის მივიდა. რა წინაპირობები არსებობდა, როგორ განვითარდა მოვლენები მის მისვლამდე, ამ ადამიანმა, ბუნებრივია, არ იცოდა და არც არავის განუმარტავს“, - განმარტა ადვოკატმა.
კითხვაზე, რომელიც შეეხებოდა პროკურატურის მიერ გაჟღერებულ ფაქტს, რომ ექვსიდან ოთხი პოლიციელი გამოძიებას სრულყოფილ ინფორმაციას არ აწვდის, ადვოკატმა უპასუხა, რომ „ის საყურადღებოდ უფრო იმ ფაქტს მიიჩნევს, რომ დაზარალებული პირი ჯერ გამოკითხული არ არის“.
მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ადვოკატს დაუზუსტეს, რომ დაზარალებული პირი ამჟამად კლინიკაში იმყოფება, ადვოკატმა აღნიშნა: „მე გადმოგეცით ჩემი მოსაზრება, ჩვენ ხომ არ ვკამათობთ. მე გელაპარაკებით ფაქტებზე - ბატონი გამოკითხული არ არის.“
კითხვაზე, მტკიცებულებად არის თუ არა საკმარისი ვიდეოკადრები, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გავრცელდა, ნოდარ ცინცაძემ განაცხადა, რომ არა.
„არ არის საკმარისი მტკიცებულება. ამაზე ვისაუბრებთ, ახლა ძალიან შორს წაგვიყვანს“.
ამასთან, ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარე ექსპერტიზას მოითხოვს.
„აუცილებელია დაინიშნოს ვიდეოექსპერტიზა, სადაც უნდა დაისვას კითხვა, კონკრეტულად რომელი პირი, რომელ წუთსა და წამზე რა მოქმედებას ახორციელებს და ა.შ.“, - განმარტა ნოდარ ცინცაძემ.
ცნობისთვის, პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ 6 პოლიციელს - ალექსი ბადალოვს, ბესო მალაციძეს, გიორგი წკრიალაშვილს, საბა წაველიძეს, ივანე მისირელს, ვლადიმერ გოდერძიშვილსა და ბესო მალაციძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
შეგახსენებთ, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.