პოლიტიკა

გიგა ფარულავა "ქართული ოცნების" დეპუტატებს - გახარია რომ არ ყოფილიყო 20 ივნისს, ბევრი თქვენგანი შეიძლება დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატით ყოფილიყო წარმოდგენილი ამ პარლამენტში
12 წუთის წინ

გიგა ფარულავა "ქართული ოცნების" დეპუტატებს - გახარია რომ არ ყოფილიყო 20 ივნისს, ბევრი თქვენგანი შეიძლება დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატით ყოფილიყო წარმოდგენილი ამ პარლამენტში

საგამოძიებო კომისიის გამოკვლევის საგანი, სპეციალური საშუალებების გამოყენების მეთოდოლოგიის პარალელურად, უნდა შეეხოს თავად შეკრებებისა და მანიფესტაციების დაშლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას - მნიშვნელოვანია დადგინდეს, რამდენად არსებობდა რეალური სამართლებრივი საფუძველი აქციების შესაწყვეტად და რამდენად შეესაბამებოდა კანონის იმპერატიულ მოთხოვნებს დაშლის ღონისძიებების დაწყების პროცედურა, - ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, 2024 წლის მანიფესტაციების დაშლისას გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შესწავლის მიზნით დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვისას განაცხადა.

ფარულავას თქმით, „აუცილებელია პასუხი გაეცეს კითხვებს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა ისეთი აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენებას, რომელიც დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან“.

„წარმოგიდგენთ დადგენილების პროექტს 2024 წლის ნოემბერ - დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა/თანამშრომელთა მხრიდან შეკრებების შეწყვეტისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მიზნად ისახავს:

ერთი მხრივ: უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური უფლების, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, როგორც სახელმწიფოს უმაღლესი დაცვითი ღირებულების ზედამხედველობის მიზნებს და შეკრება/მანიფესტაციის განხორციელების შეზღუდვის კანონიერების შესწავლის ამოცანებს.

მეორე მხრივ, საქართველოში გამართული მასობრივი შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა/თანამშრომელთა მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების დროს უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტების შესწავლის საკითხებს.

საზოგადოებაში არსებობს მაღალი ლეგიტიმური ეჭვი და შეშფოთება, იმასთან დაკავშირებით, რომ 2024 წლის ნოემბერ - დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფესტაციების შესაწყვეტად სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გამოყენებისას დაირღვა როგორც საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, ისე საერთაშორისო „სტანდარტები“, რის შედეგადაც, შესაძლოა, ზიანი მიადგა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ამ ეჭვის წარმოშობის საფუძველი გახდა საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ვიდეომასალები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ შეკრებების შეწყვეტის და გამოყენებული ძალის ლეგიტიმურობას, პროპორციულობას და ადეკვატურობას. ინფორმაციის თანახმად, გამოყენებული იქნა ქიმიური ნივთიერებები (ე.წ. „ქიმიური აგენტები“) და სხვა აქტიური სპეციალური საშუალებები, რომელთა გამოყენებამ, ან/და არასწორმა და არაპროპორციულად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, მათ შორის ხანგრძლივი გართულებები.

აუცილებელია პასუხი გაეცეს კითხვებს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა ისეთი აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენებას, რომელიც დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან, ან იკრძალება საქართველოს კანონმდებლობით, ასევე რამდენად პროპორციულად და შესაბამისი ინტენსივობით იქნა გამოყენებული ისინი.

„პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის“ 31-ე მუხლი განსაზღვრავს იძულებითი ღონისძიების გამოყენების პრინციპებს, ადგენს პროპორციულობის და ძალის გამოყენების ინტენსივობის სტანდარტებს იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ამავე კანონის 33-ე მუხლის მე -3 პუნქტი კი ზუსტად და იმპერატიულად განსაზღვრავს აქტიური სპეციალური საშუალებების სახეებს, მათი გამოყენების მიზანშეწონილობას. აღნიშნული საკანონმდებლო დათქმები გათვალისწინებულია კანონში პრინციპების და დეტალურად აღწერილი სპეციალური საშუალებების სახეების მიხედვით, რადგან მათი გამოყენება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან. შესაბამისად, თუკი ზემოაღნიშნული შეკრებების დროს ადგილი ჰქონდა დადგენილი სტანდარტებიდან მცირე გადახვევასაც კი, აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველ ნიშნებს.

ამასთანავე, გამოკვლევის საგანი, სპეციალური საშუალებების გამოყენების მეთოდოლოგიის პარალელურად, უნდა შეეხოს თავად შეკრებებისა და მანიფესტაციების დაშლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას. კრიტიკულად მნიშვნელოვანია დადგინდეს, რამდენად არსებობდა რეალური სამართლებრივი საფუძველი აქციების შესაწყვეტად და რამდენად შეესაბამებოდა კანონის იმპერატიულ მოთხოვნებს დაშლის ღონისძიებების დაწყების პროცედურა. გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას - იყო თუ არა დაცული კონსტიტუცია და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაცია და ხომ არ ჰქონდა ადგილი მშვიდობიანი შეკრების ხელოვნურ, უკანონო შეწყვეტას, რაც წინ უსწრებდა ძალის გამოყენების ფაქტებს.

შეკრებების/მანიფესტაციებისა და ძალის გამოყენების შემდგომ პერიოდში, საზოგადოებამ და დაზარალებულებმა ვერ მიიღეს ამომწურავი, დამაჯერებელი, სანდო ინფორმაცია მომხდარის თაობაზე. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არ მომხდარა სრულყოფილი და გამჭვირვალე ანგარიშგება საზოგადოების მიმართ.

იმის გათვალისწინებით, რომ სავარაუდო დარღვევები შესაძლოა ჩადენილია სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა მიერ, არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ შიდა გამოძიება, ან პროკურატურის მიერ წარმოებული მოქმედებები არ იყოს საკმარისად ეფექტური, ობიექტური და დამოუკიდებელი გამოძიების საწარმოებლად. სწორედ ამ საზოგადოებრივი აღქმების და ობიექტური რეალობით ნაკარნახევი დეფიციტის შევსებას ემსახურება საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმის ამოქმედება საგამოძიებო კომისიის სახით.

დროებითი საგამოძიებო კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ზუსტი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას. კომისია განახორციელებს საპარლამენტო კონტროლის ეფექტიან საქმიანობას. აღნიშნულით, პარლამენტი იყენებს თავის უმთავრეს საკონტროლო ბერკეტს, რათა დაადგინოს, ხომ არ იქნა გადამეტებული თანამდებობის პირთა უფლებამოსილებები, დაცული იქნა თუ არა სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერება და უზრუნველყოფილი იქნას სამართლებრივი რეაგირება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ზიანი მიადგა ადამიანის ჯანმრთელობას.

პრობლემის სიმწვავე და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს არა მხოლოდ სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ და კონსტიტუციურ რეაგირებას“,- განაცხადა ფარულავამ, რომელმაც კოლეგებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ აღნიშნულ ინიციატივას.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომაზე, უმრავლესობის ცალკეული წევრის კრიტიკულ რეპლიკასაც უპასუხა.

"რაც შეეხება გახარიას მონაწილეობას დივერსიაში, ერთი რამ უნდა გახსოვდეთ - გახარია რომ არ ყოფილიყო 20 ივნისს, ბევრი თქვენგანი შეიძლება დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატით ყოფილიყო წარმოდგენილი ამ პარლამენტში. დიახ, სწორედ გახარიამ გადაარჩინა 20 ივნისს ეს პარლამენტი შტურმისგან", - მიმართა ფარულავამ "ქართული ოცნების" დეპუტატებს.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები