პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით - 89 ხმით, ერთხმად მართვის მოწმობებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება დაამტკიცა.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული საბოლოო ცვლილების მიხედვით, მართვის მოწმობა დაუბრუნდება პირებს, ვინც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2025 წლის 16 დეკემბრამდე ჩაიდინეს. საუბარია მძღოლებზე, რომელთაც პოლიციამ მართვის უფლება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 45-ე, 451-ე, 1151-ე, 116-ე და 123-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამო შეუჩერა.
შეჩერებულ მართვის მოწმობების დაბრუნების გარდა, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების მთავარი სიახლეა ის, რომ მართვის უფლების ვადამდე აღდგენისა და მოწმობის ვადაზე ადრე დაბრუნების კანონით განსაზღვრული შესაძლებლობა უქმდება.
მართვის უფლების ვადამდე აღდგენის საშუალება აღარ ექნებათ პირებს, რომლებიც შემდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ჩაიდენენ: - სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება; სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა და სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებული სხვა, ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა.