საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის პოსტს ეხმაურება, სადაც ის „ქართული ოცნების“ მთავრობას აკრიტიკებს და წერს, რომ კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მიმღებლობის პარალელურად ამერიკის შეურაცხყოფა იზოლაციისკენ მიმავალი ცალმხრივი ბილეთია.
„საქართველოს ახლად არჩეული, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი ჩინეთში მიმდინარეობს, სადაც ის ბელარუსელ კოლეგას ხვდება, რომელიც სანქცირებულია. ამაზე უკეთესი დემონსტრირება რა არის!“ - წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, ამერიკელმა კონგრესმენმა სოციალურ ქსელ X-ში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მის მიერ წარდგენილი „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორება სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნით მიიღეს. „კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მიმღებლობის პარალელურად ამერიკის შეურაცხყოფა იზოლაციისკენ მიმავალი ცალმხრივი ბილეთია“, - წერს უილსონი.