დასავლეთის 9 ქვეყანამ (აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჩეხეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა) „ქართული ოცნების“ უკვე 230-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა, რომელთაგან 138-ის ვინაობა გასაჯაროვდა, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სამოგზაურო ან ვიზის შეზღუდვებია დაწესებული, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე თქმით, დასავლური ქვეყნები აგრძელებენ სასანქციო პოლიტიკას „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმის საპასუხოდ.
„სანქციების ბოლო, ივლისის ტალღაში 18 ახალი სახელი მოხვდა – მოსამართლეები, პროკურორები, „ქართული ოცნების“ დეპუტატები, ახალი გენერალური პროკურორი, იუსტიციის მინისტრი და ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი. ის პირები, ვინც პირდაპირ არიან ჩართული მშვიდობიანი მომიტინგეების, აქტივისტების, პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეპრესიებში.
მთლიანობაში, დასავლეთის 9 ქვეყანამ (აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჩეხეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა) „ქართული ოცნების“ უკვე 230-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა, რომელთაგან 138-ის ვინაობა გასაჯაროვდა, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სამოგზაურო ან ვიზის შეზღუდვებია დაწესებული.
სიაში შედიან „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემის მაღალჩინოსნები, „ქართული ოცნების“ დეპუტატები და თანამოაზრეები, მოსამართლეები, პროკურორები, ცრუმოწმე პოლიციელები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, პარტიის მხარდამჭერი ბიზნესმენები, პროპაგანდისტები და ამ პირთა ოჯახის წევრები. დემოკრატიული ქვეყნები ამ პირებს მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების, საქართველოში რუსული ინტერესების გატარების, არჩევნების გაყალბების, კორუფციის, პროპაგანდის და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლის გამო ასანქცირებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ორგანიზაცია ავრცელებს ასევე ინფორმაციას თუ როდის და რომელმა ქვეყანამ დაასაქცირა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები.