პოლიტიკა

გიორგი შარაშიძე - ევროკავშირის გაფართოების ამ ისტორიული შესაძლებლობის გამოუყენებლობაზე პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებთ „ოცნებას“
5 წუთის წინ

გიორგი შარაშიძე - ევროკავშირის გაფართოების ამ ისტორიული შესაძლებლობის გამოუყენებლობაზე პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებთ „ოცნებას“

„პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ვეხმაურებით ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშს, რომელიც, როგორც მოსალოდნელი იყო, ისტორიულად ყველაზე კრიტიკულ და ნეგატიურ შეფასებებს შეიცავს საქართველოში ბოლო წლებში დაფიქსირებული დემოკრატიული უკუსვლისა და ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებებიდან მკვეთრი გადახვევის შესახებ.

სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც 2021 წელს გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, „ოცნებამ“ მკვეთრად შეცვალა პროდასავლური კურსი და მიზანმიმართულად დაიწყო საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივის დაზიანება, რამაც მიგვიყვანა იმ სამწუხარო რეალობამდე, როცა საქართველო, რომელიც გიორგი გახარიას ლიდერობის დროს ასოცირებულ ტრიოში წამყვანი ქვეყანა იყო და დემოკრატიული წინსვლით გაცილებით ახლოს იდგა ევროკავშირის სტანდარტებთან, დღეს თავად ევროკავშირის მიერ კანდიდატთა შორის ერთადერთი ქვეყანაა უარყოფითი შეფასებით. 5 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დღის წესრიგში დადგებოდა ევროკავშირის გაფართოების საკითხი და საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ლიდერი არ იქნებოდა.

ევროკავშირის გაფართოების ამ ისტორიული შესაძლებლობის გამოუყენებლობაზე პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებთ „ოცნებას“, რომელიც ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს ძალაუფლების გახანგრძლივებაში ცვლის. სამწუხაროდ, „ოცნების“ მიერ ჩადენილ ამ მიზანმიმართულ დანაშაულს სხვა სახელს ვერ დავარქმევთ, თუ არა ღალატს ჩვენი ქვეყნის, ხალხისა და სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინაშე.

„ოცნება“ კიდევ ერთხელ ცდილობს ჩვენი ევროპელი პარტნიორების გამიზნულ დისკრედიტაციას ქართველი ხალხის თვალში, რასაც ერთადერთი მიზანი აქვს – საკუთარი დანაშაულებების დაფარვისა და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ევროკავშირისგან მტრის ხატის შექმნა და ქვეყნის სრული იზოლაცია, რადგან დემოკრატია და „ოცნების“ ავტორიტარიზმი სრულ შეუსაბამობაშია ერთმანეთთან.

ევროკავშირი ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია. ძლიერი და სამართლიანი სახელმწიფოს არსებობა მხოლოდ ევროპულ სივრცეშია შესაძლებელი, „ოცნება“ კი მიზანმიმართულად ცდილობს ევროპული სივრციდან დისტანცირებას, ამით კი ღირსეულ მომავალს გვიკარგავს, აჩერებს და აფერხებს ქვეყნის განვითარებას და სტრატეგიული ამოცანების მიღწევას.

ჩვენი მიზანია, არ მივცეთ „ოცნებას“ ევროპული იდეის დისკრედიტაციის საშუალება, საპარლამენტო მუშაობაში დავაბრუნოთ და გავაძლიეროთ ევროპული სტანდარტის დემოკრატიული, ცივილური პოლიტიკა, როგორც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ დანერგილი რადიკალიზაციისა და ძალადობის ჯანსაღი ალტერნატივა.

მოვუწოდებთ ევროკავშირს, „ოცნების“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავად, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ქართველ ხალხს არ შეუჩერდეს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი! „ოცნებას“ კი შევახსენებთ, რომ ამ ისტორიული შესაძლებლობის დაკარგვის მზაკვრულ მცდელობაზე ქართველი ხალხი და ისტორია საკადრის პასუხს გაგცემთ," - განაცხადა შარაშიძემ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები