პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა - ფრაქცია „საქართველოსთვის“ ინიციატივა „ჩავარდა“
4 წუთის წინ

„ქართულმა ოცნებამ“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა - ფრაქცია „საქართველოსთვის“ ინიციატივა „ჩავარდა“

„ქართულმა ოცნებამ“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. 11-მომხრე, 2 - წინააღმდეგი - კენჭისყრის ამ შედეგით ფრაქცია “საქართველოსთვის“ ინიციატივა “ჩავარდა“.

დღეს, გიორგი გახარიას გუნდმა პარლამენტში დადგენილების პროექტი წარადგინა, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მანიფესტაციების დაშლის ლეგიტიმურობის და გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შესწავლის მიზნით დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებდა.

ინიციატივა პარლამენტს ფრაქცია “საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიგა ფარულავამ გააცნო.

“აუცილებელია პასუხი გაეცეს კითხვებს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა ისეთი აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენებას, რომელიც დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან იკრძალება საქართველოს კანონმდებლობით, ასევე რამდენად პროპორციულად და შესაბამისი ინტენსივობით იქნა გამოყენებული ისინი.

“პოლიციის შესახებ“ კანონის 31-ე მუხლი იძულებითი ღონისძიების გამოყენების პრინციპებს განსაზღვრავს, პროპორციულობის და ძალის გამოყენების ინტენსივობის სტანდარტებს იმგვარად ადგენს, რომ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.

ამავე კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი კი ზუსტად და იმპერატიულად განსაზღვრავს აქტიური სპეციალური საშუალებების სახეებს, მათი გამოყენების მიზანშეწონილობას. აღნიშნული საკანონმდებლო დათქმები გათვალისწინებულია კანონში პრინციპების და დეტალურად აღწერილი სპეციალური საშუალებების სახეების მიხედვით, რადგან მათი გამოყენება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან. შესაბამისად, თუკი ზემოაღნიშნული შეკრებების დროს ადგილი ჰქონდა დადგენილი სტანდარტებიდან მცირე გადახვევასაც კი, აღნიშნული ცალსახად სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველ ნიშნებს წარმოადგენს.

გამოკვლევის საგანი, სპეციალური საშუალებების გამოყენების მეთოდოლოგიის პარალელურად, უნდა შეეხოს თავად შეკრებებისა და მანიფესტაციების დაშლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას. კრიტიკულად მნიშვნელოვანია დადგინდეს, რამდენად არსებობდა რეალური სამართლებრივი საფუძველი აქციების შესაწყვეტად და რამდენად შეესაბამებოდა კანონის იმპერატიულ მოთხოვნებს დაშლის ღონისძიებების დაწყების პროცედურა. გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას - იყო თუ არა დაცული კონსტიტუცია და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაცია და ხომ არ ჰქონდა ადგილი მშვიდობიანი შეკრების ხელოვნურ, უკანონო შეწყვეტას, რაც წინ უსწრებდა ძალის გამოყენების ფაქტებს.

შეკრებების/მანიფესტაციებისა და ძალის გამოყენების შემდგომ პერიოდში, საზოგადოებამ და დაზარალებულებმა ვერ მიიღეს ამომწურავი, დამაჯერებელი, სანდო ინფორმაცია მომხდარის თაობაზე. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არ მომხდარა სრულყოფილი და გამჭვირვალე ანგარიშგება საზოგადოების მიმართ“, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას სულ მცირე 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები