პოლიტიკა

საია-ს განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ 2023 წელს გამართულ აქციაზე დაკავებულ პირთან - გიორგი მექვაბიშვილთან დაკავშირებით დავა მოიგო
12 წუთის წინ

საია-ს განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ 2023 წელს გამართულ აქციაზე დაკავებულ პირთან - გიორგი მექვაბიშვილთან დაკავშირებით დავა მოიგო

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სტრასბურგის სასამართლოში ე.წ. „რუსული კანონის" წინააღმდეგ 2023 წელს გამართულ აქციაზე დაკავებულ პირთან - გიორგი მექვაბიშვილთან დაკავშირებით დავა მოიგო.

საია-ს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ მოცემულ საქმეში კონვენციის მე-6 (1) და მე-11 მუხლების დარღვევა დაადგინა.

მათივე განცხადებით, სასამართლომ მე-11 მუხლის ფარგლებში, მე-10 მუხლით დაცული უფლება მოიცვა.

„საქმე შეეხება 2023 წლის 7-8 მარტს, პარლამენტის მიმდებარედ, „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული მასობრივი აქციის კონტექსტში უკანონოდ დაკავებულ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლის საფუძველზე სამართალდამრღვევად ცნობილ პირს - გიორგი მექვაბიშვილს.

საია-მ გიორგი მექვაბიშვილის უფლებების დასაცავად სტრასბურგის სასამართლოს 2023 წლის 9 ოქტომბერს მიმართა.

გიორგი მექვაბიშვილი პოლიციამ დააკავა 2023 წლის 8 მარტს, ტროტუარზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე, როდესაც აქციის სხვა მონაწილის მიმართ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა ძალადობრივ ქმედებას ტელეფონით იღებდა და სამართალდამცავებს მოუწოდებდა არ ეძალადათ აქციის მონაწილეზე. საქმის ერთადერთი მოწმე პოლიციელის განმარტებით, გიორგი მექვაბიშვილი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გაეთავისუფლებინა გზის სავალი ნაწილი, რაც გახდა მისი დაკავების საფუძველი, ხოლო შემდგომ სამართალმდარღვევად ცნობის საფუძველი. სტრასბურგის სასამართლომ წარდგენილი საჩივარი განიხილა ევროპული კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრების თავისუფლება) მუხლების ჭრილში.

სტრასბურგის სასამართლომ მოცემულ საქმეში დაადგინა კონვენციის მე-6 (1) და მე-11 მუხლების დარღვევა. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ მე-11 მუხლის ფარგლებში მოიცვა მე-10 მუხლით დაცული უფლება.

- სასამართლოს შეფასება:

  • 2023 წლის 7-8 მარტის აქციის კონტექსტი - სასამართლო განმარტავს, რომ დემონსტრაცია მთლიანობაში მიზნად არ ისახავდა პარლამენტის საქმიანობის ხელშეშლას და დამატებით განმარტავს, რომ მომჩივანი არ მონაწილეობდა ძალადობრივ ქმედებაში. გარდა ამისა, სასამართლოს განმარტებით, სადავო არ არის, რომ 2023 წლის 7 მარტის დემონსტრაცია ემსახურებოდა საჯარო ინტერესს და მომჩივანი პირის ქმედება ექცევა კონვენციის მე-11 მუხლის ფარგლებში.
  • მტკიცების ტვირთის განაწილება - სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ არსებობდა არცერთი პირდაპირი და ობიექტური მტკიცებულება, გარდა პოლიციის მიერ წარმოდგენილი ჩვენებისა. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს პოლიციელის მიერ მოვლენების გადმოცემისას სამხრე კამერებისა და გარე სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერების არარსებობაზე. სასამართლოს შეფასებით აღნიშნული არღვევს კონვენციის მე-6 (1) მუხლს, რამდენადაც განმცხადებელი პირი ფაქტობრივად იძულებული იყო დაემტკიცებინა საკუთარი უდანაშაულობა პოლიციის დაუდასტურებელი ბრალდებების წინააღმდეგ, როდესაც საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა სხვა მტკიცებულება, გარდა პოლიციის განმარტებებისა, რაც ძირეულად აზიანებდა სამართლიანი განხილვის პროცესს.
  • კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა - სასამართლო განმარტავს, რომ განმცხადებელი ეჭვქვეშ აყენებდა იმ ბრძანების კანონიერებას, რომლის დაუმორჩილებლობაშიც მას ადანაშაულებდნენ. სასამართლოს შეფასებით, მოთხოვნის ,,კანონიერება” წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შემადგენელ ელემენტს, რომელიც მოცემულ საქმეში დაირღვა, რამდენადაც განმცხადებლისათვის ვერ იქნა დადასტურებული ინდივიდუალურად რა გახდა მისი დაკავების მიზეზი. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა პოლიციის ბრძანებების კანონიერება მხოლოდ ზოგადი ფორმულირებით შეაფასეს ადგილზე არსებული ქცევის ზოგად მითითებაზე დაყრდნობით, ისე, რომ არ შეუფასებიათ იყო თუ არა მთლიანი დემონსტრაციის დაშლისა და გზის გათავისუფლების გადაწყვეტილება აუცილებელი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით სახელმწიფოს დაეკისრა მომჩივანი პირის სასარგებლოდ განცდილი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღსანიშნავია, რომ გიორგი მექვაბიშვილის საქმე არ არის იზოლირებული შემთხვევა და საია უკვე წლობით უთითებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ძირეული ცვლილების საჭიროებაზე, განსაკუთრებით კი, აქციის კონტექსტში თვითნებური დაკავებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებში სასამართლო კონტროლის გარანტიების ნაკლოვანებებზე. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი კიდევ უფრო გაუარესდა, რაც მოიცავს მათ შორის სანქციების გამკაცრებას გამოხატვის/შეკრების თავისუფლების ნაწილში, მტკიცების ტვირთის შებრუნებას და მის დაკისრებას პირზე”, - ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები