ზოგი შიმშილით დაიხოცა, ზოგი ომებმა შეიწირეს, ზოგი ლუკმა პურის საშოვნელად გაიქცა

 


სოფელ ბერშუეთში მაცხოვრებლები ხალხის სოფლიდან გადინებაზე საუბრობენ. მათი თქმით, კონფლიქტისპირა სოფელი მოსახლეობისგან იცლება. ამის მიზეზად კი უკიდურეს გაჭირვებას ასახელებენ.

 

სოფლის მოსახლეობა პრობლემებზე საუბრობს.  ისინი “თრიალეთთან საუბარში აცხადებენ რომ პენსიით ცხოვრობენ და სხვა შემოსავალი არ აქვთ.

 

 

“პენსიით ვცხოვრობთ შვილო, აბა სხვა რითი ვიცხოვროთ. ჩვენ ნაკვეთების დამუშავება არ შეგვიძლია. ასე ვართ ხან მშივრები, ხან მაძღრები“ – განაცხადა ბერშუეთის მკვიდრმა.

 

ისინი ზამთარს ჭირნახულის გარეშე ხვდებიან. ყინვების და უწყლოობის გამო მოსავალი ვერ მოიყვანეს. 

 

“წყალი არ არის და წყლის ფულს თხოვლობენ, არ გადავიხადეთ, რატო უნდა გადაგვეხადა როცა არ ყოფილა?! მაგრამ, მაინც არ გაჩერდნენ და სასამართლოს გადაგვცეს. 100 ლარს გადავიხდი ოღონდაც წყალი იყვეს, მაგრამ რომ არ არის, რას მახდევინებ? ძროხამ რომ დალიოს წყალი, ის წყალიც არ არის და ბაღს ვინ მომარწყვევინებს?“– აცხადებენ ბერშუეთში.

 

 

 

 

მოსახლეობა სოფლის დატოვების საკითხს ეხმაურება. ისინი ამბობენ, რომ გაჭირვებამ და ლუკმა პურის ძიებამ ხალხს სოფელი დაატოვებინა.

 

“არც ვაუჩერები და არც არანაირი დახმარება არ იცის სოფელმა. ხალხს ძალიან გაგვიჭირდა. ყოველი მეორე სახლი დაკეტილია, სოფელში ხალხი აღარ არის. გაწყდა სულ, ჩვენნაირი ხალხიღა ვართ. ზოგი შიმშილით დაიხოცა, ზოგი ომებმა შეიწირეს,    ზოგი ლუკმა პურის საშოვნელად გაიქცა. ცუდი ამბავია ძალიან“.

 

 

“იმ რაოდენობის პროდუქტიც ვერ მოვიყვანეთ ოჯახის სამყოფი რომ ყოფილიყო. გადახმა ყველაფერი. სოფლელმა ადამიანმა უნდა გაყიდოს პროდუქტები და ჩვენ აქეთ საყიდელი გვაქვს.  რა ქნას ხალხმა?! არსებობა ხომ გვინდა წლიდან–წლამდე?! ხორცს თავი დავანებოთ, სულ უბრალო კერძი ხომ უნდა გააკეთო?! ან კომბოსტო გინდა, ან ხახვი გინდა. ამ უწყლოობამ სოფელი მეტისმეტად შეაწუხა.“

 

“საქონელი აღარ არის, არ გვაქვს საძოვარი, ამიტომ წავიდა სოფლიდან ხალხი. მიწაზე მოსავალი ვერ მოგვყავს ხმება, საქონელს ვერ ვყოლიობთ და სოფელში რაღა მინდა? სოფელში რომ ცხოვრობ, ან ტყეში უნდა წახვიდე, ან საქონელი უნდა იყოლიო, ან ცხვარი“.

 

ოკუპირებული რეგიონის მოსაზღვრე სოფელ ბერშუეთში ადგილობრივები ჰყვებიან რომ სოფელი მოსახლეობისგან მთლიანად დაცლილია. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ მათი პრობლემებით დაინტერესდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სოფლის დატოვება მათაც მოუწევთ.

 

 

ჟურნალისტი: შორენა ბიჭიკაშვილი

 

 

Related posts