პოლიტიკა

ნიკა გვარამია - ირანის გათავისუფლების პირობებში, კასპიის გასაღები გადმოდის ჩვენთან - „ქოცები“ უნდა მოვიშოროთ და დავსხდეთ გეოპოლიტიკურ მდინარესთან და ვითევზაოთ უზარმაზარ თევზზე!  იბერიის გაბრწყინება მითური შეფერილობის პათეტიკა აღარაა
18 წუთის წინ

ნიკა გვარამია - ირანის გათავისუფლების პირობებში, კასპიის გასაღები გადმოდის ჩვენთან - „ქოცები“ უნდა მოვიშოროთ და დავსხდეთ გეოპოლიტიკურ მდინარესთან და ვითევზაოთ უზარმაზარ თევზზე! იბერიის გაბრწყინება მითური შეფერილობის პათეტიკა აღარაა

„ქოცები“ უნდა მოვიშოროთ და დავსხდეთ გეოპოლიტიკურ მდინარესთან და ვითევზაოთ უზარმაზარ თევზზე! ჩვენი დრო მოვიდა! იბერიის გაბრწყინება მითური შეფერილობის პათეტიკა ნამდვილად აღარაა, - ამის შესახებ ნათქვამია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამიას წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში მის გვერდზე გავრცელდა.

ნიკა გვარამია გავრცელებულ წერილში მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას მიმოიხილავს.

„რაც შეეხება მიმდინარე ამბებს. მთავარ თემად რჩება რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების მოწამვლა. ამასთანავე, შეხედეთ საქართველოში არსებულ ვითარებას და შეადარეთ ვენესუელას - მთავარი მოვლენები სრულ თანხვედრაშია:

1.არალეგიტიმური მთავრობა - არც მადუროს რეჟიმი იყო აღიარებული და არც ჩვენი ქოცები, რაც ჩვენი მოქალაქეების, აქტიური ჯგუფების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, კრიტიკული მედიისა და პარტიების დამსახურებაა და რისი ათვლის წერტილი ოპოზიციის პარლამენტში არშესვლაა.

2.შავი ხვრელი ავტოკრატიული რეჟიმების სისტემაში - ვენესუელა კუბისთვის (რომელიც ასევე დაემხობა მარტივად, ვენესუელის ნავთობის გარეშე), ჩვენ კიდე რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის გზა და ირანისთვის ფულის გათეთრება უდიდესი მასშტაბით.

3.პოლიტპატიმრები, მასობრივი ძალადობა, დარბევები, საკუთარი მოქალაქეების მოწამვლა (ხაზგასმით - მოწამვლა).

4.მზარდი ემიგრაცია - როგორც ვენესუელის, ასევე საქართველოს შემთხვევაშიც მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედმა დატოვა ქვეყანა. თან არა მხოლოდ სამუშაო ძალის პრინციპით, არამედ ბოლო წლებში წარმატებულმა და განათლებულმა პროფესიონალებმა დაიწყეს წასვლა, თან ოჯახებით.

5.ქურდი რეჟიმი - სახელმწიფოს მთავარი რესურსის არამხოლოდ მიტაცება, არამედ გაუქმება სხვისი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებისა და დაკვეთის გამო. ვენესუელის შემთხვევაში რუსეთი დაინტერესებულია ნავთობის მაღალი ფასით, და ამიტომ, მადუროს რეჟიმის მხარდაჭერის ფასი ვენესუელის ნავთობ ინდუსტრიის განადგურება იყო. მადუროს ჩამოცილების შემდეგ ვენესუელის ნავთობის ბაზარზე გასვლა საშუალო ვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად დაწევს ნავთობის ფასს, რაც პრაქტიკულად რუსული ნავთობ-ეკონომიკის კოლაფსია.

საქართველოს შემთხვევაში, ზუსტად იგივე ეფექტს გამოიწვევს ანაკლიის პორტი, რომელიც ალტერნატივას უჩენს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ამჟამად ერთადერთ მსხვილ პორტს - ნოვოროსიისკს, რომელიც უალტერნატივობის პირობებში ათობით მილიარდის შემოსავალს გენერირებს წელიწადში (არა მხოლოდ საკუთრივ პორტი, არამედ მთელი ინფრასტრუქტურა შუა აზიიდან შავ ზღვამდე). ანაკლიის პორტის არსებობის პირობებში, თან თუ საქართველო ევროკავშირის წევრი იქნება, ნოვოროსიისკის მნიშვნელობა პრაქტიკულად განულდება შუა აზიისთვისაც და შორეული აღმოსავლეთისთვისაც კი. რუსეთის რკინიგზა დაკარგავს უზარმაზარ ტვირთბრუნვას, რაც საქართველოსა და თურქეთზე (ტრამპის მარშრუტის გავლით) გადანაწილდება.

სინამდვილეში, რუსული „ხიშნიკობის“ ანბანი ესაა - ფული, ინტერესები და არა ის ტრადიციული ნარატივი, რომ პუტინს საქართველო, უკრაინა, ბელორუსი და შუა აზია თავისად მიაჩნია. ცივსისხლიანი ეკონომიკური გათვლა - დანარჩენი პროპაგანდისტული ბელეტრისტიკაა. შუა აზიის მიტაცება - პირველ რიგში, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ ესაა ანაკლიის ჩაშლის მიზანი, საქართველოს „პატარა სოფლად“ ქცევის გარდა.

უდიდესი ამბავი ისიცაა, რომ ირანი თუ გათავისუფლდა, გაჩნდება კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე და პირიქით დამატებითი გასასვლელი სომხეთის გავლით (ამიტომაც საქართველო უნდა ექაჩებოდეს სომხეთს მთელი ძალით ევროკავშირში), რაც ტვირთბრუნვის გაზრდის პირობებში სასიცოცხლოდ აუცილებელია და ამით კიდევ უფრო აიწევს ჩვენი რეგიონის და განსაკუთრებით საქართველოს, როგორც ევროპა აზიის კავშირის მნიშვნელობა.

რუსეთი ომის დასრულების შემთხვევაშიც პოლიტიზებულ და არასტაბილურ მარშრუტად დარჩება. თურქეთს მუდმივი უთანხმოებები აქვს დასავლეთთან. რჩება ერთადერთი შანსი - ჩვენ! მხოლოდ ჩვენ გვაქვს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ევროკავშირის წევრობის და სტაბილური მაღალი ხარისხის დემოკრატიის შანსი. ეს რას ნიშნავს - 2040 წლისთვის 40 ათას დოლარს მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე. აი ამას ნიშნავს - სამუდამო სიმდიდრესა და განვითარებას, უსაფრთხოებასა და ცოდნის საზოგადოებას!

შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ერთადერთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოდ საქართველოს ქცევა ნიშნავს უდიდეს ინვესტიციებს საქართველოს ინფრასტრუქტურაში, განათლებაში და ევროპულ და ამერიკულ უსაფრთხოების სისტემების საქართველოს სრულ მოცვას, მათივე ეკონომიკური ინტერესების (რაც პოლიტიკურზე ბევრად მდგრადია) დასაცავად.

გეოგრაფიული პარადოქსად შეიძლება ჩანდეს, მაგრამ ირანის გათავისუფლების პირობებში, საქართველო ხდება კასპიის „გეით კიპერი“. კასპიის გასაღები გადმოდის შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე - ანუ ჩვენთან (და არა თურქეთთან ან რუსეთთან). ესეც ჩვენი „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“ ფორმულიდან სიმბოლური „დარუბანდი“. „ნიკოფსიის“ მხარეს რაც შეეხება - ანუ აფხაზეთს, ევროკავშირის წევრი საქართველო შეძლებს მის რეინტეგრაციას - ეს ერთადერთი შესაძლებლობაა ამისთვის და თან, რაც მთავარია, საკმარისი წინაპირობა.

მოკლედ, ქოცები უნდა მოვიშოროთ და დავსხდეთ გეოპოლიტიკურ მდინარესთან და ვითევზაოთ უზარმაზარ თევზზე! ჩვენი დრო მოვიდა! იბერიის გაბრწყინება მითური შეფერილობის პათეტიკა ნამდვილად აღარაა!”, - წერს ნიკა გვარამია.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები