შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

თეიმურაზ კუპატაძე – ბოლო პერიოდში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 41 პირია დაკავებული, მათ შორის 32 ნარკორეალიზატორია

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ბოლო პერიოდის განმავლობაში, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სულ 41 პირი დააკავეს, მათ შორის 32 ნარკორეალიზატორია.

„ღონისძიება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე უკვე დაკავებულია 10-ზე მეტი პირი, მაგრამ ღონისძიება გრძელდება და რის განმავლობაში დაკავებულების რაოდენობა გაიზრდება. ამ პიროვნებებთან საკონტროლო შესყიდვა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა, ასევე აღნიშნული შესყიდვის აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, ნარკორეალიზაციიდან მიღებული ფულადი თანხა, დაკავებულები არიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. საზოგადოებას მინდა ვაცნობო, ჩვენ მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებული ღონისძიებების შედეგები. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 41 პირია დაკავებული, მათ შორის 32 ნარკორეალიზატორია. დაკავებულები არიან : იემენის, ნიგერიის, ეგვიპტის, ირანის, რუსეთის, უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები. ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, როგორიცაა: „კოკაინი“, „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „მარიხუანა“ და ა.შ.“, – განაცხადა კუპატაძემ.

რაც შეეხება ლოკაციებს, თუ სად იყო განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, როგორც კუპატაძემ აღნიშნა, ეს სეროზულ გამოწვევას წარმოადგენს.

მისვე თქმით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ამ მიმართულებით ცალკე დანაყოფი მუშაობს.

„ალბათ, საზოგადოებამ იცის,რომ სხვადასხვა ლოკაციებზე ხდება ნარკოტიკული საშუალებებს განთავსება და ეს არის: სადარბაზოები, სასაფლაოები, კვერები, პარკები და ა.შ. ყველა ასეთ შემთხვევაზე შესაბამის რეაგირებას ვახდენთ, სადაც ტექნიკური საშუალებები გვაძლევს ამის შესაძლებლობას. ამ ადამიანების იდენტიფიცირება და შემდგომში დაკავება ხდება. მინდა, ერთი კონკრეტული ქეისი გამოვყო, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დავაკავეთ უკრაინის მოქალაქე ქალბატონი, რომელიც სვეტიცხოვლის ეზოში ათავსებდა [ნარკოტიკულ საშუალებას] 9 ლოკაციაზე განათავსა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რომლის რეალიზაციასაც ახდენდა სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით. დაკავებულია და გამოვლენილია ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფი. ჩვენ მიერ რამდენიმე არის იდენტიფიცირებული, მაგრამ ამ ეტაპზე დაკავებულია სამი პირი.

სპეცოპერაცია მიმდინარეობს რუსთავში, ქუთაისში, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში. კონკრეტულად ამ ლოკაციაზე (ფონიჭალა) დაკავებულია ერთი პირი, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები, რისი რაოდენობა ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. ამას ექსპერტიზა დაადგენს“, -განაცხადა კუპატაძემ.