„ამ წუთისთვის ძალიან მძიმე მდგომარეობაა საარჩევნო უბნებზე” – ვაშაძემ დარღვევების ფაქტები ჩამოთვალა

„ამ წუთისთვის პირველ ტურთან შედარებით, ძალიან მძიმე მდგომარეობაა საარჩევნო უბნებზე.”- განცხადება ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

ვაშაძემ იმ კონკრეტულ დარღვევებზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, ინტერაქტიულ რეჟიმში მათ შტაბში შედის.

„ამ წუთისთვის პირველ ტურთან შედარებით, ძალიან მძიმე მდგომარეობაა საარჩევნო უბნებზე. მე ხელთ მაქვს ფოტო, რომელშიც ჩანს, რომ გურჯაანის ერთ-ერთ უბანზე წინასწარ ხელმოწერილი ოქმი არსებობს და მას მხოლოდ ჩვენი კომისიის წევრის ხელმოწერა აკლია. ეს არის გაუგონარი კანონდარღვევა და წარმოუდგენელია, რაც ხდება. ძალიან საგანგაშო მდგომარეობაა ზოგადად მთლიანად გურჯაანში, სადაც ფიზიკურად ძალადობენ პოლიციის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები. სოფელ ჯანდარშიგამოაძევეს ჩვენი წარმომადგენელი უბნიდან, რადგან ყველა უბანზე დაფიქსირებული გვაქვს სისტემურად, რომ ადამიანებს აიძულებენ, კაბინიდან გამოსვლის შემდეგ გახსნან ბიულეტენი და აჩვენონ, რომ მათ შემოხაზეს ხელისუფლების კანდიდატი. ეს არის გაუგონარი დარღვევა და მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ შტაბს – დაანებეთ კანონდარღვევებს თავი. ყველაფერს ავსახავთ აუცილებლად. გარდა ამისა, ჩვენს წარმომადგენლებს არ აძლევენ დარღვევების კამერაზე ასახვის საშუალებას. ასევე, მარნეულში იმყოფება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, რომელიც აიძულებს ამომრჩეველს, ღიად აჩვენოს შემოხაზული კანდიდატი. დიდუბეში, 29-ე უბანზე, საერთაშორისო დამკვირვებელი გამოაძევა კომისიის თავმჯდომარემ, რადგან უცხოელმა დამკვირვებელმა უბნის ტერიტორიაზე აგიტაცია დააფიქსირა. ნაძალადევში „ქართული ოცნების“ კოორდინატორები დგანან სამაგიდო სიებით ხელში. ეს არის კანონდარღვევა, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს. სხვადასხვა უბნებზე ჩვენს წარმომადგენლებს არ ეძლევათ საშუალება თავიანთი მოვალეობები შეასრულონ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

pirveliradio.ge

Related posts