შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

საქართველოს პრეზიდენტი ბელგიის მეფეს წერილით მიმართავს, სადაც იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც ვერ მონაწილეობს „ევროპალია საქართველოს“ ინაუგურაციაში

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბელგიის მეფე ფილიპეს წერილით მიმართავს.

საქართველოს პრეზიდენტი გულისტკივილს გამოხატავს იმის გამო, რომ ვერ მონაწილეობს „ევროპალია საქართველოს“ ინაუგურაციაში.

პრეზიდენტის მიზეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „მთავრობის დაუსაბუთებელი უარი ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ მის წინადადებაზე“ და მეორე მხრივ 3 და 4 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოში მისი იმპიჩმენტის თაობაზე ჩანიშნული წარდგინების განხილვა შეუძლებელს ხდის მისი წარმომადგენლობითი მოვალეობის შესრულებას.

,,თქვენო უდიდებულესობავ,

გულწრფელ გულისტკივილს გამოვხატავ იმის გამო, რომ მიწევს უარის თქმა ჩემი ქვეყნისათვის როგორც კულტურული, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობის მქონე ღონისძიების, „ევროპალია საქართველოს“ ინაუგურაციაში თქვენთან ერთად მონაწილეობაზე. ევროპის გულში საქართველოს ევროპული კულტურისა და იდენტობის წარდგენა სწორედ იმ დროს, როდესაც წყდება ისეთი საკვანძო საკითხი, როგორიც არის ჩვენთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, ევროპელ ხალხებსა და ლიდერებს გადავცეთ ერთმნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც არის ევროპულ ოჯახში ჩვენი ინტეგრაციის სურვილი.

თქვენო უდიდებულესობავ, გთხოვთ, მერწმუნოთ, რომ გულწრფელი სურვილი მქონდა საქართველო უმაღლეს დონეზე ყოფილიყო წარმოდგენილი ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი მნიშვნელოვანი ფურცლის გადაშლისას, ისე, როგორც 2021 წლის 21 იანვარს ჩვენი შეხვედრისას შევთანხმდით.

სამწუხაროდ, ჩემი ნებისგან სრულიად დამოუკიდებელი ორი მიზეზი – ერთი მხრივ, მთავრობის დაუსაბუთებელი უარი ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ ჩემს წინადადებაზე, მეორე მხრივ, სწორედ 3 და 4 ოქტომბერს ჩანიშნული საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემი იმპიჩმენტის თაობაზე წარდგინების განხილვა – აბსოლუტურად შეუძლებელს ხდის შევასრულო ჩემი წარმომადგენლობითი მოვალეობა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე.

თქვენო უდიდებულესობავ, მსურს გულწრფელი ბოდიში მოვიხადო ჩემგან დამოუკიდებელი, გაუთვალისწინებელი ფაქტორების გამო, რომლებიც, სამწუხაროდ, ბოლო წამს აუცილებელს ხდის იმ საპროტოკოლო გადაწყვეტილებების შეცვლას, რომლებზეც დიდი ხანია მიმდინარეობს მუშაობა. მეორე მხრივ, მსურს ჩემი და ქართველი ხალხის სახელით მოგახსენოთ მადლობა ევროპის ცენტრში ქართული კულტურის ესოდენ დიდი პატივით მიღებისათვის. ყველაფრის მიუხედავად, მტკიცედ მჯერა, რომ ეს მოვლენა გადაიქცევა საქართველოსა და ბელგიის სამეფოს ურთიერთობის ისტორიის განსაკუთრებულ ფურცლად.

იმედი მაქვს, რომ თქვენი უდიდებულესობა თქვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის კიდევ მრავალ წელს იღვაწებს. დიდ წარმატებას ვუსურვებ „ევროპალია საქართველოს“ და მადლობას ვუხდი თქვენს უდიდებულესობას იმ დიდი წვლილისათვის, რომელიც სამეფო ოჯახსა და ბელგიის მხარეს ამ უმნიშვნელოვანესი ღონისძიების ორგანიზებაში შეაქვთ. თქვენო უდიდებულესობავ, გთხოვთ, მიიღოთ თქვენ მიმართ ჩემი უდიდესი პატივისცემა,”-ნათქვამია წერილში.