ინფორმაცია ქალაქ გორის შესახებ

დედამიწაზე უამრავი ლამაზი და საინტერესო ადგილია. ზოგიერთი მათგანი განუმეორებელია თვალწარმტაცი ბუნებით, ზოგი უნიკალური შენობებით, რომლების ააშენეს ბოლო წლების განმავლობაში. ასევე არსებობს ადგილები, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი სიძველით და ამით იპყრობენ ჩვენს ყურადღებას…
იქ, სადაც ერთმანეთს ერთვის ორი დიდი მდინარე ლიახვი და მტკვარი… იქ სადაც საუკუნეების წინ გადიოდა აბრეშუმის გზა… ქართლის დაბლობში მდებარეობს საქართველოს უძველესი ქალაქი – გორი . პირველი ცნობები ამ ქალაქის შესახებ 6 საუკუნის წყაროებშია შემორჩენილი. აქ ყველაფერია, რაც დაგვაბრუნებს ამ ქალაქის უდიდეს წარსულში, რაც შეგვაგრძნობინებს მის დიდებას. ცერზე შემდგარი მიმინოსავით გადმოჰყურებს თავის ქალაქს გორის ციხე. ისტორიკოსები მიიჩნევენ , რომ დიდმა დავით აღმაშენებელმა აღმართა ის მთის ქიმზე, უძველესი ციხის ნანგრევებზე. საუკუნეების მანძილზე ემსახურებოდა ის ადგილობრივ მოსახლეობას და მაშინდელი მეფეები სისტემატიურად ახდენდნენ მის რეკონსტრუქციას.

ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს საქართველოს სიამაყე კლდეში ნაკვეთი ქალაქი– უფლისციხე. უძველესი ქალაქი განლაგებულია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მის შესახებ ცნობები შემონახულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1საუკუნის წყაროებში. ციხე – ქალაქი ფუნქციონირებდა 10 საუკუნის მანძილზე. ქალაქის მთლიანი ფართობია 9,5 ჰექტარი.
დამთვალიერებელზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს კლდეში ნაკვეთი: ქუჩები, სახლები, მარნები, გვირაბები, მოედნები, კოშკები. არქეოლოგების მიერ ნაპოვნია უმრავი ნივთი: ბრინჯაოს, რკინისა და ფოლადის საბრძოლო თუ მიწათმოქმედების იარაღები; ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, და სხვა ლითონებისაგან დამზადებული სამკაულები; კერამიკის ნაკეთობანი და სხვა.. ყველა ეს ნივთი ფასდაუდებელი სამუზეუმო ექსპონატია დღეისათვის. ამ ქალაქში მოგზაურობისას თქვენ აუცილებლად მაშინვე მიხვდებით, რომ აქ საუკუნეების წინ არსებობდა ცივილიზაცია, რომელიც არანაირად არ ჩამორჩებოდა ძველი საბერძნეთის, ძველი რომის ცივილიზაციებს. აქ შეხვდებით წარმართულ სალოცავებსაც. ეკლესია, რომელიც ნანგრევების სახით იყო შემორჩენილი აღდგენილ იქნა. საუკუნეების მანძილზე უფლისციხე რჩებოდა ერთ–ერთ დიდ და მთავარ ქალაქად დღევანდელი შიდა ქართლის ტერიტორიაზე, ფეოდალიზმის განვითარებასთან ერთად მან არსებობა შეწყვიტა.
ქართული საგანძურის ნიმუშს წარმოადგენს უძველესი ღვთისმშობლის სახელობის ატენის სიონის ეკლესია, რომელიც სოფელ ატენში მდებარეობს. ეკლესია თარიღდება მე –7 საუკუნის პირველი ნახევრით, მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ მის კედლებზე აღმოჩენილია ფასდაუდებელი ისტორიული წყაროები.

თავად ქალაქი გორი დავით აღმაშენებელმა დაარსა მე–12 საუკუნეში. ბევრმა შეიძლება რაც იცის ,რომ აქ დაიბადა და გაიზარდა ლეგენდარული პიროვნება იოსებ სტალინი. გორში მდებარეობს მისი მუზეუმი, რომელიც ყოველწლიურად მრავალ დამთვალიერებელს ისტუმრებს.
აი, ასეთია ეს უძველესი და ანტიკური ქალაქი, ქალაქი უძველესი ცივილიზაციებისა… ის მუდამ ელოდება და იხმობს თავისთან ყველას…

 

Related posts