პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაციები - მოვითხოვთ, საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას: რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ
12 წუთის წინ

არასამთავრობო ორგანიზაციები - მოვითხოვთ, საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას: რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ

განცხადებაში ნათქვამია, რომ უახლოეს დღეებში მიმართავენ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოში მოავლინონ ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც საკითხს გამოიკვლევენ.

„2025 წლის 1 დეკემბერს გამოქვეყნებული, BBC-ის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების მასალები, შეიცავს შოკისმომგვრელ ცნობებს იმის შესახებ, რომ ივანიშვილის პოლიციის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებას.

2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს, რეჟიმის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების მიერ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები დღემდე გამოუძიებელია. ამ დანაშაულებისთვის არა მხოლოდ არავინ დასჯილა, ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი კობახიძე მადლობის სიტყვებს არ იშურებდა ამ დანაშაულების ავტორების - აშშ-ის და გაერთიანებული სამეფოს მიერ ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევებისთვის სანქცირებული მაშინდელი შსს მინისტრის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ. უფრო მეტიც, ივანიშვილის პრეზიდენტმა 11 მათგანი ღირსების ორდენითაც კი დააჯილდოვა.

,,ქართული ოცნების” ამგვარი ცინიკური დამოკიდებულება საკუთარი მოსახლეობის მიმართ სიახლეს არ წარმოადგენს. ამის მიუხედავად, BBC-ის მიერ მომზადებულ ფილმში, „როდესაც წყალი წვავს“, მოყვანილი ფაქტები და მტკიცებულებები შოკისმომგვრელია. ფილმის ავტორი საგამოძიებო ჟურნალისტების თქმით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში რეჟიმის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, წყლის ჭავლთან შერევის გზით, სავარაუდოდ გამოყენებულ იქნა ქიმიური ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდი, აღნიშნული ნივთიერება პირველად პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს და 1930 წლის შემდეგ მისი გამოყენება აიკრძალა, რადგან ცრემლსადენი გაზთან შედარებით იგი ბევრად უფრო საშიში ნივთიერებაა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ხანგრძლივ კვალს ტოვებს.

საზოგადოდ, ქიმიური ნივთიერების ხალხის დიდი მასების წინააღმდეგ გამოყენება ცალსახად არღვევს ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედ საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს და შეიძლება შეფასდეს, როგორც წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ნიმუში.

2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-ს მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებისას დაშვებული მძიმე დარღვევების თაობაზე თავის დროზე სპეციალური სიუჟეტი მოამზადა “ნოდარ მელაძის შაბათის” გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა. იგივე პრობლემა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და სხვა პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დეტალურად აღწერეს თავიანთ ანგარიშში, სათაურით “ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ”. ერთი წელია შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ამჟღავნებს ინფორმაციას ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლში გარეული ნივთიერებების შესახებ, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა.

თუმცა, BBC-ის ფილმის გამოქვეყნების შემდეგ, ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევასთან ერთად, დღის წესრიგში სხვა სამართლებრივი საკითხიც დგება. კერძოდ, დასადგენია, პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ზემოთ მითითებული ქიმიური ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდის გამოყენება ხომ არ წარმოადგენს „ქიმიური იარაღის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციით აკრძალულ ქმედებას.

უახლოეს დღეებში ჩვენ მივმართავთ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოში მოვლენილ იქნენ შესაბამისი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მქონე ექსპერტთა ჯგუფები, რათა ამ დანაშაულებრივ სქემას ბოლომდე აეხადოს ფარდა.

ამავდროულად, მოვითხოვთ, საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას: რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ“,-აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

„უფლებები საქართველო“, „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი -GCRT“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ევროპის ფონდი“, „სამოქალაქო იდეა“, EECMD, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI) „საქართველოს ევროპული ორბიტა“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) „საფარი“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, „თბილისი პრაიდი“, „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „საქართველოს მომავლის აკადემია“, „მწვანე ალტერნატივა“, „დემოკრატიის მცველები“, „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“.

შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები