ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე გარდაიცვალა.

მიტროპოლიტი კალისტრატე მოთავსებული იყო დასავლეთ საქართველოს ინტერვენციულ სამედიცინო ცენტრთან არსებული ონკოლოგიის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში.

მიტროპოლიტი კალისტრატე, ერისკაცობაში შოთა ილიას ძე მარგალიტაშვილი, დაიბადა 1938 წლის 20 ოქტომბერს, თელავის რაიონ სოფელ ვარდისუბანში.

1967 წელს დაამთავრა ქ. ვორონეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტო-საინჟინრო ფაკულტეტი, 1975 წელს ჩაირიცხა თელავის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1980 წელს.

1983 წლიდან ბეთანიის მონასტრის მორჩილია, იმავე წელს აღიკვეცა ბერად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე (7 აპრილს) აკურთხეს დიაკვნად. 1983 წლიდან დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს მშენებლობა-მომარაგების მთავარი სამმართველოს უფროსად. 20 ივლისს (2 აგვისტოს) აკურთხეს მღვდელმონაზვნად, შემდეგ აიყვანეს იღუმენის ხარისხში. 1983 წლის აპრილიდან თელავის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 12(25) სექტემბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 12(25) დეკემბერს აკურთხეს ეპისკოპოსად და წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად.

ghn.ge

Related posts