ტაქსის მძღოლები, რომლებმაც მანქანა ნაწილობრივ გადაღებეს, დაჯარიმდებიან

დედაქალაქში მოძრავი A კატეგორიის ტაქსის ის მძღოლები, რომელთაც ავტომანქანის ყველა ნაწილი არ აქვთ შეღებილი ან ფირი სრულად გადაკრული, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდებიან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ვიცემერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ თუ საჭიროება არსებობს, ტაქსების რეფორმის შესახებ საკრებულოს მიერ დამტკიცებულ წესში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

„რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომ A კატეგორიის ტაქსების ნაწილი სრულად  არ არის გადაღებილი ან ფირი არ აქვს მთლიანად გადაკრული. მგონია, რომ ეს პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, მინდა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ საკრებულოს მიერ დამტკიცებულ წესში შევიდეს ცვლილება, თუ ამის საჭიროება იქნება და მოითხოვეთ ფერის სრულად დაკმაყოფილება. კატეგორიულად მიუღებელია, რომ ავტომანქანა სრულად არ იყოს შეღებილი ან ფირი სრულად არ ჰქონდეს გადაკრული და ისე დადიოდეს. გქონდეთ კომუნიკაცია ამ მძღოლებთან. მიაწოდეთ ინფორმაცია, რომ მსგავს შემთხვევაში, დაჯარიმდებიან და რაც შეიძლება სწრაფად გადააკრან ფირი ან გადაღებონ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებმა თავიანთი ავტომანქანები იმ სტანდარტის ფარგლებში უნდა მოაქციონ, რომელიც მუნიციპალიტეტის მხრიდან არის დაწესებული.

მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ასევე განაცხადა, რომ თბილისში უკვე 11 000-მდე A კატეგორიის ტაქსი მოძრაობს. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი, საჭიროების შემთხვევაში დამატებით შეისყიდის ტაქსის მანათობელ ნიშნებს.

„დღისათვის, 9000-მდე მანათობელია გაცემული. ვფიქრობ, ძალიან ლამაზია და მოუხდა ქალაქს. მგზავრებსაც მარტივად შეუძლიათ განასხვავონ დაკავებული და თავისუფალი ტაქსი. თუ გაიზრდება A კატეგორიის ტაქსების რიცხვი, დამატებით შევისყიდით მანათობლებს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

imedinews.ge

Related posts