შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

პრეზიდენტი – საქართველოს ევროპულ გზაზე უკან დახევა არის საქართველოს დამთავრება –  ასე რომ, ჩვენ წინ მივდივართ!

საქართველოს ევროპულ გზაზე უკან დახევა არის საქართველოს დამთავრება; ასე რომ, ჩვენ წინ მივდივართ!, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის მიმართვისას განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,ევროინტეგრაციის [პროცესი] არის გზა, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაა! შეიძლება ამან მიიღოს მრავალი სხვადასხვა ფორმა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ აქ უკან დახევა არ არსებობს! აქ უკან დახევა არის საქართველოს დამთავრება! ასე რომ, ჩვენ წინ მივდივართ. პირველ რიგში, თქვენ მიდიხართ წინ და ჩვენ, ყველანი თქვენ მოგყვებით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ხელმოწერების კამპანია ,,ჩვენი ხმა ევროპას!“ გრძელდება, მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, ორბელიანების სასახლეში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას შეურთდნენ.

ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.