ჩინეთში შავი ჭირის შემთხვევა დაფიქსირდა – ქვეყანაში მესამე დონის განგაშია გამოცხადებული

ჩინეთში, შიდა მონღოლეთის ავტონომიური რეგიონის ქალაქ ბაიანურში შავი ჭირის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ინფიცირებული მწყემსია, რომლის მდგომარეობაც ამჟამად სტაბილურია. პაციენტი იზოლირებულია. მისი ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

ჩინეთში მესამე დონის განგაშია გამოცხადებული, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში დროებით იკრძალება იმ ცხოველებზე ნადირობა და საკვებად გამოყენება, რომლებიც შესაძლოა, შავი ჭირის მატარებლები იყვნენ.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ მონღოლეთის ერთ პროვინციაში შავი ჭირის 2 შემთხვევა დაფიქსირდა.

ცნობისთვის, შავი ჭირი, იგივე შავი სიკვდილი, კაცობრიობის ისტორიაში ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ეპიდემიაა, რომელსაც შუა საუკუნეებში ევროპის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ემსხვერპლა – დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი. მისი გამომწვევია ბაქტერია Yersinia pestis, რომელიც რწყილების ან დაინფიცირებული ცხოველების ნაკბენით გადაეცემა ადამიანს.

შავი ჭირი სამ სხვადასხვა ფორმაში შეიძლება გამოვლინდეს, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ბუბონური, ყველაზე საშიში კი პულმონალური – ამ დროს ყველაზე დიდი შანსია, რომ ინფიცირებულმა ადამიანმა ხველებით სხვებიც მარტივად დააავადოს.

Related posts