შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ბოლო 11 წელიწადში, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, ქვეყნის ეკონომიკა სამჯერ გაიზარდ – პრემიერ-მინისტრი

ბოლო 11 წელიწადში, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე ბიუჯეტის შევსების უმთავრესი გზა იყო ბიზნესის რეკეტი, ამასთან, მაღალი იყო სიღარიბე.

„მინდა საზოგადოებას შევახსენო, როგორი ეკონომიკა ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს. შეგახსენებთ, რომ მაშინ ბიუჯეტის შევსების უმთავრესი გზა იყო ბიზნესის რეკეტი, მაღალი იყო სიღარიბე, თითქმის 30%-ზე მეტი იყო სიღარიბე, უმუშევრობაც ამდენივე. ქვეყანაში არავითარი პერსპექტივა არ არსებობდა. ბიზნესი დემოტივირებული იყო, ბიზნესს მხოლოდ ნეგატიური პროგნოზები და მოლოდინები ჰქონდა. ქვეყანაში დამყარებული იყო ავტოკრატიული რეჟიმი, უსამართლო, რომელიც მოქალაქეებს ჩაგრავდა, ომ გამოვლილი მოქალაქეებს, იმ ომ გამოვლილ მოქალაქეებს, რომელიც იმ ხელისუფლებამ ვერ აარიდა თავს და 20 % არის ოკუპირებული.

მაშინ, მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 27 მილიარდი ლარი იყო, წელს 80 მილიარდი ლარი იყო მთლიანი შიდა პროდუქტი, 2024 წელს გახდება 86 მილიარდი ლარი. ბოლო 11 წელიწადში, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა, 27 მილიარდი ლარიდან, 86 მილიარდ ლარამდე. 2012 წელს ბიუჯეტი იყო 8 მილიარდზე მეტი, დაახლოებით 8 მილიარდ 500 მილიონამდე, გაისად იქნება 28 მილიარდ 700 მილიონი, აქაც თითქმის გავასამმაგეთ ბიუჯეტი ბოლო 11 წელიწადში. ბოლო 11 წელიწადში 20 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის მთლიანი ნაერთი ბიუჯეტი“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, საქართველო გადავიდა საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყნებს შორის.

„ბოლო 2 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა. წელსაც, მიუხედავად დიდი გამოწვევებისა და კატაკლიზმებისა, რომელიც რეგიონსა და მსოფლიოში ხდება, ჩვენ მოვახერხეთ ბოლო 2 წელი 10 % -ზე მეტით გაგვეზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. წელს 7%-ის ფარგლებში გვაქვს ეკონომიკური ზრდა. ინფლაციის სრული კონტროლი მოვახერხეთ, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ქვემოთ არის. 1%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა. ეს წნეხი მთლიანად მოიხსნა. გასულ წელს მთავარი გამოწვევა იყო ფასები და ინფლაციის ზრდა, ეს რისკებიც და საფრთხე მთლიანად მოხსნილია, შეიძლება ამაყად ითქვას, ამ წლის მუშაობის შედეგია ინფლაციის მართვა და კონტროლი. მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, საქართველო გადავიდა საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყნებს შორის“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.