ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას გორში შეფასებები მოყვა

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ ივანიშვილმა ღია წერილი გაავრცელა, სადაც წასვლის მიზეზებს განმარტავს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. წერილის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილი უპრეცენდენტო მოვლენად აფასებს “ოცნების” მესამე ვადით გამარჯვებას არჩევნებში და ამბობს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ისტორიული მნიშვნელობა აქვს. წერილში ნახსენებია “ნაციონალური მოძრაობის” 9 წლიანი მმართველობაც. ბიძინა ივანიშვილი წერს, რომ მისი პოლიტიკაში მოსვლის მიზანი სააკაშვილის რეჟიმის არჩევნების გზით დასრულება და ქვეყნის ევროატლანტიკური კურსით შეუფერხებელი სვლა იყო, რაც მისივე სიტყვებით, შესრულებულია.17 გვერდიან წერილში არის სხვა აქცენტებიც. ბიძინა ივანიშვილი იხსენებს მის პირველ წერილსაც, რომელიც 2011 წლის 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ახსენებს, არასამთავრობო სექტორს, მედიას და პოლიტიკურ პარტიებს. ამბობს, რომ გული წყდება, რომ ვერ შეიქმნა კონსტრუქციული ოპოზიცია. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას შეფასებები მოყვა გორში, როგორც ოპოზიციური ისე მმართველი გუნდის წარმომდგენლების მხრიდან, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ივანიშვილი პასუხისმგებლობას გაურბის თუმცა არაფორმალურ მმართველად რჩება, ,,ქართულ ოცნებაში,, კი ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება სამაგალითოა. ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას რიგითი მოქალაქეებიც ეხმაურებიან, ბუნებრივია მათი შეფასებები არაერთგვაროვანია. ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკაში 2011 წელს გამოჩნდა საარჩევნო სუბიექტმა “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება” 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 54.97%–ით გაიმარჯვა. გავრცელებული ინფორმაციით, ,,პარტია ქართული ოცნების,, თავჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება.

Related posts