ამოქმედდება თუ არა 15 აპრილიდან ახალი შეზღუდვები

წესები თუ არ დაირღვევა, ჩვენ ნამდვილად არ დაგვჭირდება ფართომასშტაბიანი შეზღუდვები არც 15 აპრილიდან და არც წინასააღდგომოდ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

 
 

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შემთხვევების მატება თვალსაჩინოა, ასევე, თვალსაჩინოა ისიც, რომ დადებითობის მაჩვენებლიც იმატებს და უახლოვდება ზღვრულ 2 პროცენტს, რომელიც ჩავთვალეთ, რომ იქნებოდა ის ზღვარი, რომლის ზემოთაც შემთხვევების მატების ტენდეცია უკვე არის გარკვეულწილად სანგაშო მაჩვენებელი. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია გამკაცრდეს იმ რეგულაციების აღსრულება, რაც უკვე არის დაწესებული. რაც შეეხება შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრებას, ამასთან დაკავშირებით ჩვენი პასუხი დამოკიდებული იქნება ეპიდემიურ სურათზე, მაგრამ ჯერჯერობით ის შეზღუდვები, რომელიც ძალაშია, საკმაოდ კარგი პოტენციალის მატარებელია, მთავარია აღსრულება”,-განაცხადა გაბუნიამ.

>

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე გახდება უწყების გეგმა ცნობილი, დაწესდება თუ არა რაიმე შეზღუდვები.

როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპისთვის სამინისტროს აქვს რესურსი, რომ ლოკალურად ღონისძიებების გააქტიურებით მიღებული მაღალი შედეგიდან გამომდინარე ჩაკეტვებზე არ ისაუბროს.

„ამ ეტაპისთვის ჩვენ გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ ლოკალურად ღონისძიებების გააქტიურებით მიღებული მაღალი შედეგიდან გამომდინარე არ ვისაუბროთ ჩაკეტვებზე. თუმცა, მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა.

ამ ეტაპისთვის საბჭოს არ უმსჯელია შეზღუდვებთან დაკავშირებით, თუმცა, იცით, რომ საქართველოს რამდენიმე რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს ეპიდკვლევები, რითაც იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ შეზღუდვების გარეშე დავძლიოთ და გავაკონტროლოთ ის მომატებული ინფექციის რაოდენობა, რომელიც დღეს ქვეყანაში შეიმჩნევა. ადრე არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რა იქნება სააღდგომოდ, ვინაიდან ამ ეტაპისთვის ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, თუმცა, ინფექციის ზრდა ფიქსირდება. დაახლოებით, აღდგომის პერიოდამდე ერთი კვირით ადრე გვექნება უფრო ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება გეგმა დღესასწაულებთან მიმართებაში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

თრიალეთი TV