ტოცილიზუმაბი კლინიკებში იმის მიხედვით განაწილდა, ვინ რამდენი შეუკვეთა — გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მედიკამენტ ტოცილიზუმაბის მარაგები ქვეყანაში არის და ის იმის მიხედვით განაწილდა, თუ რომელ კლინიკებს ჰქონდათ პრეპარატი შეკვეთილი.

ამის შესახებ გაბუნიამ დღეს, 3 სექტემბერს, მას შემდეგ ისაუბრა, რაც ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელმა, ექიმმა ვახტანგ კალოიანმა პირად ფეისბუკ გვერდზე დაწერა, რომ ტოცილიზუმაბის მარაგებს ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს შორის არათანაბრად ანაწილებს და პრეპარატს მხოლოდ “ფავორიტი” დაწესებულებები იღებენ:

“ტოცილიზუმაბის განაწილება ფავორიტ და არა ფავორიტ კლინიკებს შორის ახალი ტრენდია. რეგიონებშიც პაციენტები გვყავს” — წერს ვახტანგ კალოიანი.

თამარ გაბუნიას თქმით, მედიკამენტის ყველაზე მეტი დოზა რესპუბლიკურ საავადმყოფოშია, რამდენადაც, სწორედ ამ კლინიკამ შეუკვეთა აღნიშნული პრეპარატის ყველაზე მეტი დოზა. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მოხდება მარაგების განაწილება იმ საავადმყოფოებში, სადაც ამის საჭიროება იქნება.

მისი თქმით, ტოცილიზუმაბის გამოყენებას კონკრეტული, მკაცრი ჩვენება აქვს და და მისი მოხმარება ერთეულ შემთხვევებში ხდებოდა:

“ტოცილიზუმაბის გამოყენება ქვეყანაში დაიწყო ჯერ კიდევ პანდემიის ადრეული ეტაპებიდან და მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში ხდებოდა მისი გამოყენება. ბოლო პერიოდში მეტი მონაცემი გაჩნდა ტოცილიზუმაბის გამოყენებასთან დაკავშირებით, მაგრამ მისი ჩვენებები ამით არ შეცვლილა, ძალიან მკაცრი ჩვენებით მხოლოდ რამდენიმე კონკრეტულ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს.

მომწოდებელი არის “როშე”. გარკვეული გეგმაზომიერებით ხდება მედიკამენტის მოწოდება. ის რაოდენობა, რომელიც შემოვიდა, წინასწარ ჰქონდათ კლინიკებს შეკვეთილი. ეს არის ის კლინიკები, სადაც ყველაზე მეტი მძიმე პაციენტი ხვდება, რომლებიც აქამდეც იყენებდნენ ტოცილიზუმაბს გარკვეული შემთხვევებისთვის.

თუმცა, მოხდა ისე, რომ მედიკამენტების შესახებ მედიასაშუალებებით ლაპარაკს მოჰყვა გარკვეული არასწორი მოლოდინების ჩამოყალიბება მის დანიშნულებასთან დაკავშირებით. მედიკამენტი ოფიციალური სადისტრიბუციო წყაროებით არის გადანაწილებული სხვადასხვა კლინიკებში” — ამბობს თამარ გაბუნია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ პრეპარატის სხვა კლინიკებში განაწილებისას ღირებულებას სამინისტრო აანაზღაურებს და მედიკამენტი თავისუფალ მიმოქცევაში არ არის, შესაბამისად, პაციენტები მას თავად ვერ შეიძენენ და ეს არც მიზანშეწონილია, რამდენადაც, გაბუნიას თქმით, ტოცილიზუმაბის გამოყენება კონკრეტული კრიტერიუმებით უნდა მოხდეს.

“ერთადერთი, რის ფასილიტაციასაც სამინისტრო ცდილობს, როდესაც არის დასაბუთებული საჭიროება, იმ კლინიკას, სადაც მეტი არის პრეპარატის მარაგი, ვთხოვთ გადაანაწილოს სხვა კლინიკაში, რასაც აანაზღაურებს სამინისტრო. როცა იქნება დასაბუთებული საჭიროება იმდენი დოზა ნამდვილად არის ქვეყანაში რომ ჩვენ მოვახერხოთ მისი გადანაწილება.

პრეპარატი თავისუფლად არსად არ იყიდება. კლინიცისტები ამბობენ, რომ რიგ შემთხვევაში ზოგიერთმა კლინიკამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ ვცადოთ და იქნებ და შედეგი ჰქონდეს — არ არის ეს მისაღები დამოკიდებულება, არ შეიძლება მისი ასე გამოყენება, რადგან ტოცილიზუმაბის მძიმე მდგომარეობის დროს გამოყენება ისედაც არ არის მიზანშეწონილი, კონკრეტული კრიტერიუმები უნდა დაკმაყოფილდეს როცა უნდა მოხდეს მისი გამოყენება” — ამბობს თამარ გაბუნია.

144 ნახვა
desktop
mobile catfish