რეანიმაციულ განყოფილებაში ადამიანები საშინელი სიკვდილით იხოცებიან – დევი ტაბიძე

უნდა გავითავისოთ, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში ადამიანები საშინელი, მოწამეობრივი სიკვდილით იხოცებიან,-ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა დევი ტაბიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ კორონავირუსი არსად წასულა, ის მძვინვარებს.

„ჩემი ნომერ პირველი რეკომენდაცია არის აცრებში აქტიური მონაწილეობა, დღეს უნდა ავიდეთ დაახლოებით 30-35 ათას აცრაზე. ისევ დაიწია აცრების რაოდენობამ, 22-23 ათასზე ჩამოვიდა და ეს ძალიან ცუდია. მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ ეს არის ყველაზე მთავარი რეკომენდაცია, მთავარი გზავნილი. უნდა გავითავისოთ, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში ადამიანები საშინელი, მოწამეობრივი სიკვდილით იხოცებიან. ბოლოს და ბოლოს, ხომ არ დავდებთ ყველა კადრს და სურათს ნებისმიერი კლინიკიდან, აქედან გამომდინარე, მინდა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ გაითავისოს, ვირუსი არსად წასულა, ის კიდევ მძინვარებს და ძალიან ბევრ უარყოფით შედეგს გამოიწვევს“,-განაცხადა ტაბიძემ.

მისი შეფასებით, კორონავირუსით ინფიცირების თვალსაზრისით დღევანდელი მონაცემები დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

„აღნიშნული ციფრები პირადად, როგორც ჯანდაცვის ექსპერტს, არავითარი დამშვიდების საფუძველს არ მაძლევს იმიტომ, რომ ეს ციფრები არ არის დასრულებული. ჯერ არ დასრულებულა აგარაკის სეზონი და ადამიანების იმ რაოდენობას არ აქვს ტესტირება ჩატარებული, რომელიც რეალურ სურათს მოგვცემს. გარდაცვალების რაოდენობამ შედარებით დაიკლო, მაგრამ არც ეს არის კარგი მონაცემი, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ეს მონაცემი 20-25 ერთეულს არ აცდეს“,-განაცხადა ტაბიძემ.

ჯანდაცვის ექსპერტი 13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას ემხრობა, თუმცა, აღნიშნავს, რომ რეგულაციების დაცვაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

„ტრანსპორტის გახსნას, რა თქმა უნდა, ვეთანხმები იმიტომ, რომ ეს პრაქტიკულად, ბიზნესის ჩაკეტვასაც გავს, რადგან ადამიანები ვერ გადაადგილებდებიან და ა.შ. ყველას არ აქვს გაძვირებული ტაქსის მომსახურების საშუალება, მე თუ მკითხავთ, სამარცხვინოა ასეთი ფასები. ადამიანებს ელემენტარულად გადაადგილება ესაჭიროებათ. ამიტომ, ტრანსპორტში უბრალოდ უნდა მოხდეს რეგულაციების გაკაცრება და კონტროლი. მთავარია, რომ დისტანცია იყოს დაცული და ავტობუსების რაოდენობა გაიზარდოს“,-განაცხადა ტაბიძემ.

რაც შეეხება „მიუს“ ახალ შტამს, დევი ტაბიძე აცხადებს, რომ მას გადაცემის დიდი ინტენსივობა ახასიათებს.

„მიუ“ შტამი კორონავირუსის მუტაციური ვარიანტია. მას ჯაჭვური გავრცელება, გადაცემის დიდი ინტენსივობა ახასიათებს, მაგრამ დღეს ისეთი რაოდენობა არ არის, რომ საშიშროება გამოიწვიოს. რაც შეეხება საქართველოში გავრცელებას, თუ მთელ დედამიწაზე გავრცელდა, ჩვენც არ ჩამოვრჩებით ამ ამბავს, შემოვა, მაგრამ უნდა გავიზიაროთ სხვების გამოცდილება, ვაქცინაციის შედეგი როგორი იქნება ამ შტამთან და რა ბრძოლისუნარიანობას გამოიჩენს“,-განაცხადა ტაბიძემ.

გარდა ამისა, ჯანდაცვის ექსპერტი ორსულებს მოუწოდებს, მათი და მუცლად მყოფი ნაყოფის უსაფრთხოებისთვის, აუცილებლად აიცრან.

„ყველაზე მთავარი არის ის, რომ ორსულების აცრა უნდა იყოს არც მეტი, არც ნაკლები სავალდებულო. მე ამის მომხრე ვარ. ყველა გინეკოლოგმა უნდა გაითვალისწინოს ეს, ყველა ორსული უნდა იყოს აცრილი იმიტომ, რომ უკვე 2 ადამაინის სიცოცხლეს დავიცავთ-ორსულის და მუცლად მყოფი ნაყოფის. ახლა ახალი ანტივაქსერული განცხადებაა, რომ ეს ვაქცინა ნაყოფზე გადადის და ა.შ, თუმცა, პლაცენტარული ბარიერი არ ატარებს ამ ვაქცინას და ნაყოფი პრაქტიკულად ჯანმრთელია. მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ ყველა ორსული უნდა აიცრას და ის ქალები, ვინც ორსულობას აპირებენ. მათაც მინდა მივმართო, 300 და 500 კაციან ქორწილებს ძალიან კარგად იხდიან, რაც აბსოლუტურად არანორმალური ქმედებაა, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ჯერ ამ პირველს ნაწილს მივხედოთ და ავიცრათ“,-განაცხადა ტაბიძემ.

62 ნახვა
desktop
mobile catfish