პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კომპანია ენკას მხრიდან საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ პრეზიდენტ ერდოღანთან კომუნიკაცია არ ჰქონია, ვინაიდან ეს ინვესტორისა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას ეხება.
“რა თქმა უნდა, არ გვქონია ჩენ ამის თაობაზე კომუნიკაცია და ეს არის წმინდად ინვესტორისა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ინვესტორს ვუფრთხილდებით, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა ინვესტორს შევუქმნით მაქსიმალურ კომფორტს ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით, ბუნებრივია”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მათ კომპანიას ყველა პირობა შეუქმნეს იმისათვის, რომ ნორმალურ პირობებში გაეგრძელებინათ სამუშაოები, მიუხედავად პროტესტისა აგრძელებენ ინვესტორ მათთან დიალოგს.
“გიდასტურებთ, რომ ეს კონტრაქტი მე მემკვიდრეობით დამხვდა ისევე, როგორც ძალიან ბევრი რაღაც დამხვდა მემკვიდრეობით და ბუნებრივია, ამ კონტრაქტში იყო ბევრი რაღაც მიუღებელი და ამის თაობაზე ღიად მქონდა საუბარი ინვესტორთან, ეს ერთი. ეს არის ჩვენი აბსოლუტურად სუვერენული უფლება, რომ ინვესტორს ველაპარაკოთ იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებდა, მეც მაწუხებდა, მათ შორის, როგორც რიგით მოქალაქეს ქვეყნის და ეს სავსებით ნორმალურია, ეს ერთი. მეორე — რაც შეეხება, ზოგადად, პროცესს, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ დიალოგს და კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან”, — ამბობს პრემიერმინისტრი.
მისი განცხადებით, ჯერ არავინ იცის სახელმწიფოს რამდენის გადახდა მოუწევს, რადგან უამრავი ვერსია არსებობს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.
“ეგ არის ძალიან შორეული პერსპექტივა, არავინ არ იცის რამდენის გადახდა მოგვიწევს, თუ კომპანია დატოვებს გააკეთებს აუდიტს დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია, რომელიც შეაფასებს მის მიერ დახარჯული ინვესტიციების მოცულობას და ამის მიხედვით მოხდება მოლაპარაკება. შეიძლება სხვა კომპანიამ გამოისყიდოს, უამრავი ვერსია და ვარიანტი არსებობს”, — თქვა მან.