4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილის დედის, ლამზირა ხახიშვილის განმარტებით, მისი შვილი სამართალდამცავებმა დღეს, გამთენიისას დააკავეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს" ხახიშვილმა განუცხადა, მეყანწიშვილის დაკავებისას სახლში მისი მცირეწლოვანი შვილიც იმყოფებოდა.
„გუშინ, რაიონიდან ექიმთან კონსულტაციისთვის ჩამოვედით. დილით, 05:00 საათი იყო დაწყებული, კარზე დააკაკუნეს, რამდენიმე პოლიციელი შემოვიდა, მარიამი წამოხტა ლოგინიდან, მაშინვე მიხვდა, რომ მას აკავებდნენ. ამ დროს სახლში მარიამის შვილი, 7 წლის გოგონა სახლში გვყავდა, დაიწყო ტირილი. ვერ გავაანალიზე რა ხდებოდა, ბავშვის დაწყნარება დავიწყე. ჩხრეკის ორდერი გვაქვს, აუცილებლად უნდა გავჩხრიკოთ ბინაო. მარიამმა ერთ-ერთს უთხრა, ძალიან აგრესიული ხართ ჩემ მიმართ, ჩემი ნებითაც წამოვალ, მითხარით, რატომ მაკავებთო. რამდენიმე აირწინაღი იყო ბინაში, იცით, რომ აქტივისტია და ხშირად იყენებდა ამ ნივთს ჭავლის დროს, სხვა არაფერი ამოუღიათ. 600 ლარი ჰქონდა მარიამს სახლში, აუხსნა, რომ ბინის გადასახდელი თანხა იყო, ამისთვის ხელი არ უხლიათ. 7 წლის ბავშვი ისეთი პატარა არაა, ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა, დედიკოს აპატიმრებენ, დედიკო მიჰყავთო? ძლივს დავარწმუნეთ ბავშვი, რომ ეს იყო თამაში და მარიამი უნდა წაეყვანათ.
მუხლი არ უთქვამთ, ოჯახის ყველა წევრს ტელეფონი ჩამოგვართვეს, მარიამმა სთხოვა, ადვოკატთან დარეკვის უფლება მიეცათ, მაგრამ ამის უფლებაც არ მისცეს. ერთი კი ვუთხარი, ჩემი შვილი მკვლელია, ამდენი ხალხი რომ მობრძანდით, თუ რა ხდება-მეთქი? სამშობლოს სიყვარულის გამო ახალგაზრდებს უნდა აპატიმრებდნენ? პედაგოგი ვარ და ბავშვებს სულ სამშობლოს სიყვარულს, პატრიოტიზმს ვუნერგავ. უსამართლობის, ძალადობის წინააღმდეგი ვარ",- განაცხადა ხახიშვილმა.
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.
დაკავებულებს შორის არიან, მარიამ მეყანწიშვილი, დავით გიუნაშვილი, სიმონ მახარაძე, დავით ღურწკაია, გიორგი ტალახაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია და თემურ ქურციკიძე.