ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტიის კანდიდატები მყარად იგებენ არჩევნებს 20-დან 18 მუნიციპალიტეტში

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტიის კანდიდატები მყარად იგებენ არჩევნებს 20-დან 18 მუნიციპალიტეტში. მისივე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები 50%-იან ზღვარს მხოლოდ 2 მუნიციპალიტეტში უახლოვდებიან.

„საარჩევნო ოლქების უმრავლესობაში ფიქსირდება მაღალი აქტივობა, თუმცა აუცილებელია კიდევ უფრო მაღალი აქტიურობა, რათა არც ერთ მუნიციპალიტეტში არ დავუშვათ იმ პოლიტიკური ძალის გამარჯვება, რომელსაც ერთადერთ მიზნად ქვეყანაში არეულობის კერების შექმნა აქვს დასახული.

არსებული მონაცემებით, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კანდიდატები მყარად იგებენ არჩევნებს 20-დან 18 მუნიციპალიტეტში. „ნაცმოძრაობის” კანდიდატები 2 მუნიციპალიტეტში არიან ახლოს 50%-იან ზღვართან, ანუ ბოროტებას თეორიული და პრაქტიკული შანსი აქვს გაიმარჯვოს, შესაბამისად, საჭიროა ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობა, რათა ბოროტებამ არც ერთ მუნიციპალიტეტში არ გაიმარჯვოს.

საარჩევნო უბნების დახურვამდე რჩება 4 საათი, შეგახსენებთ, რომ 2024 წლამდე საქართველოში აღარ ჩატარდება არავითარი არჩევნები. ყველა ამომრჩეველს, რომელიც ჯერ არ მისულა საარჩევნო უბანზე და ჯერ არ გაუკეთებია არჩევანი, მოგიწოდებთ და გთხოვთ, გამოიყენოთ ეს შანსი, რათა თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში პოლარიზაციის, ბოროტების, სიძულვილისა და სიცრუის დამარცხებაში. „ნაცმოძრაობისა“ და მისი კუთვნილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, ნუ ეცდებიან დაატრიალონ ქარიშხალი ჭიქაში, აქტივისტებს მისცენ მუშაობის, ხოლო ამომრჩეველს არჩევანის მშვიდ გარემოში გაკეთების საშუალება.

საბოლოო გამარჯვებამდე რჩება 4 საათი, მოდით არჩევნებზე და 8 საათზე ერთად ვიზეიმოთ ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვება“, – განაცხადა კობახიძემ.

169 ნახვა
desktop
mobile catfish