ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ჯაბა კანკავამ ეროვნულ ნაკრებში მოღვაწეობა დაასრულა, ეს ინფორმაცია ფეხბურთელმა გულშემატკივარს საკუთარი ინსტაგრამის მეშვეობით აცნობა:
“ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც შეძლებისდაგვარად მოკლედ, ბევრი რამის თქმა გსურს. ეს, სწორედ ასეთი შემთხვევაა. სიტყვა მადლობა ჩემ ცხოვრებაშიც გამორჩეულია, ამიტომ მადლობა ღმერთს, რისი კეთების შესაძლებლობაც მომცა, მადლობა ჩემ ქვეყანას, რადგან თავის წარმოჩენის საშუალება ასეთ დონეზე და ამ დოზით მქონდა. მადლობა ხალხს, თითოეულ გულშემატკივარს, ვისგანაც ვგრძნობდი სიყვარულს, გვერდში დგომას, პატივისცემას წლების განმავლობაში. გამორჩეული და განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა დედას, სწორედ მისი და ჩემი ოჯახის თითოეული წევრის, დაახლობელი ადამიანის, დიდი დამსახურებაა რომ მქონდა მოტივაცია და შესაძლებლობა ამდენი ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ეროვნული ნაკრების წევრი. მინდა გამოვყო და გამოვარჩიო, ჩემ მიმართ ლევან კობიაშვილის და ალექსანდრე იაშვილის გვერდში დგომა. მათმა დამოკიდებულებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში კვლავ ნაკრების წევრი ვყოფილიყავი.
მადლობა თითოეულ მწვრთნელს, ფეხბურთელს, სამედიცინო პერსონალს, ყველა იმ ადამიანს ვისთან ერთადაც, თუნდაც ერთი თამაში ჩავატარე და სანაკრებო გარემოში ვიმუშავე. მადლობა იმ პატივისცემისთვის და უერთიერთობებისთვის, რაც ერთმანეთის მიმართ გვქონდა. მე ვარ ამაყი, რომ ვიყავი საქათველოს ეროვნული ნაკრების წევრი 17 წლის განმავლობაში. რამდენად გამომივიდა, არვიცი, მაგრამ მე ნამდვილად მაქსიმუმს ვაკეთებდი, რომ ჩემი ქვეყნის წარმატებაში ჩემი წვლილი შემეტანა. მივიღე გადაწყვეტილება დავასრულო სანაკრებო კარიერა, წარმატებებს ვუსურვებ მთელ საქართველოს და ეროვნულ ნაკრებს, დარწმუნებული ვარ და მჯერა მათი წარმატების მომავალში. ქვეყნის და საქართველოს ნაკრების დიდი გულშემატკივარი ჯაბა კანკავა” – წერს ჯაბა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე.
შეგახსენებთ, კანკავამ ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩი ჩაატარა და თავი 10 გოლითაც გამოიჩინა.

25 ნახვა
desktop
mobile catfish