პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი - აშშ-ის მიერ გამოიყო განსაკუთრებით მეგობრული ქვეყნები, სადაც ყველაზე დაბალი სატარიფო განაკვეთი, ათი პროცენტი დაწესდა და საქართველო ზუსტად ამ ქვეყნების რიგშია
5 საათის წინ

ლევან დავითაშვილი - აშშ-ის მიერ გამოიყო განსაკუთრებით მეგობრული ქვეყნები, სადაც ყველაზე დაბალი სატარიფო განაკვეთი, ათი პროცენტი დაწესდა და საქართველო ზუსტად ამ ქვეყნების რიგშია

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სატარიფო გადასახადი საქართველოსაც შეეხო, საქართველო განსაკუთრებით მეგობრული ქვეყნების რიგშია, რომლებსაც დაბალი, ათპროცენტიანი სატარიფო განაკვეთი დაუწესდა.

როგორც დავითაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, თუ აშშ-ის ახალი სატარიფო გადასახადები გრძელვადიანი მოცემულობა იქნა და ეს ინვესტორებმა დაინახეს, შესაძლოა, საქართველოში დამატებითი ინვესტიციები შემოვიდეს.

„ვფიქრობ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რასაც შეიძლება, ყურადღება მივაქციოთ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შემოიღო ახალი სატარიფო პოლიტიკა, მათ შორის, ყველა ქვეყანასთან მიმართებით და საქართველო არ არის გამონაკლისი. თუმცა განსაკუთრებით მეგობრული ქვეყნები გამოიყო, სადაც ყველაზე დაბალი სატარიფო განაკვეთი, ათპროცენტიანი დაწესდა და საქართველო ზუსტად ამ ქვეყნების რიგშია. საქართველოს აქვს ყველაზე დაბალი ტარიფი, მიუხედავად იმისა, რომ ტარიფი გვაქვს აშშ-ში ექსპორტის განხორციელების პირობებში. აშშ-თან ჩვენს სავაჭრო სტრუქტურას რომ შევხედოთ, დაახლოებით, საქართველოდან 150 მილიონ დოლარამდე პროდუქტის ექსპორტი ხორციელდება. აქედან დიდი ნაწილი ფეროშენადნობებზე მოდის. ეს 60 პროცენტზე მეტია. ამ შემთხვევაში ფეროშენადნობებს ტარიფები არ ეხება. აქედან გამომდინარე, აქ არც უპირატესობა გვექნება და არც დამატებითი შემაფერხებელი ფაქტორი. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ სხვა პროდუქტები, რომლებიც ათი პროცენტით დაიბეგრება, მთლიანი დამატებითი ხარჯი დაახლოებით 4 მილიონი დოლარი იქნება, რაზეც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ნულოვანია, არაფერს წარმოადგენს.

როგორც ზოგიერთი ეკონომისტი აღნიშნავს, გარკვეული პოზიტიური ეფექტის მიღების შანსი აქ არის. მაგალითად, ის პროდუქტები, რომლებიც ჩვენგან ექსპორტირებული ათი პროცენტის რეჟიმში იბეგრება – ასეთია ღვინო – შეიძლება, უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს სხვა იმპორტულ ღვინოსთან მიმართებით. აშშ საკმაოდ დიდი რაოდენობით ყიდულობს ღვინოს ევროპიდან, ასევე ე.წ. ახალი სამყაროს ქვეყნებიდან და, რა თქმა უნდა, ათპროცენტიანი გადასახადი, არსებულ ოთხ პროცენტთან ერთად, ანუ ჯამში 14-პროცენტიანი გადასახადი, სხვა ქვეყნების 30-პროცენტიან გადასახადებთან შედარებით, უპირატესია. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, ეკონომიკურად წაახალისოს იგივე ღვინის ექსპორტი აშშ-ში. თუ გრძელვადიანი მოცემულობა იქნა ასეთი და ეს დაინახეს ინვესტორებმა, შესაძლოა, დამატებით ინვესტიციებს ველოდოთ საქართველოში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

სპორტი

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები