თითქმის ერთი კვირაა, როკის გვირაბი დაკეტილია – თავდება ფქვილი და საწვავი

თითქმის ერთი კვირაა, ჩაკეტილია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალი. მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო გზას სისტემატურად წმენდს, ცუდი ხილვადობისა და ზვავსაშიშროების გამო მისი გახსნა ვერ ხერხდება.

უამინდობის გამო სპეციალისტები ვერ ახერხებენ ზვავების ხელოვნურად ჩამოშვებას, რომ საფრთხე მოიხსნას – განუცხადეს სააგენტო „რეს”-ს დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.

ოკუპირებულ ცხინვალში უკვე შეიქმნა ფქვილის და საწვავის დეფიციტი. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტრო, ჩრდილოეთ ოსეთის კოლეგებთან შეთანხმებით, მოაწყობს დერეფანს ტრანსკავკასიური მაგისტრალის გასწვრივ – განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრის პირველმა მოადგილემ აცამაზ ბესტაუტიმ.

„ტრანსკამი უკვე მეექვსე დღეა დაკეტილია, პურის საწარმოში ფქვილის მიწოდება შეფერხებულია და სახელმწიფო უნიტარულ საწარმო ნეფტეპროდუქტს ბენზინი ეწურება. ჩვენ ჩრდილოეთ ოსეთის კოლეგებს მივმართეთ, მათ მოაწყვეს დერეფანი. სამი სატვირთო მანქანა ბენზინსა და დიზელის საწვავს რესპუბლიკას მიაწვდის, ასევე პურის ფქვილსაც მოგვაწვდიან“, – განაცხადა ბესტაუტიმ.

უამინდობის გამო, როკის გვირაბთან საგზაო პრობლემები 8 მარტიდან შეიქმნა, 9 მარტს დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ გზა მთლიანად დაკეტა.

ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონს რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს. ავდრის, დიდთოვლობის და ზვავების გამო, ზამთარში მაგისტრალი რამდენიმე დღით იკეტება და ოკუპირებული რეგიონი იზოლირებული რჩება ხოლმე. ეს მაგისტრალი მაღალმთიან რელიეფზე გადის და ზამთრის გარდა, გაზაფხულზე მეწყერიც ქმნის პრობლემებს.

წყარო: ,,რადიო თავისუფლება”

358 ნახვა
desktop
mobile catfish