აღარასოდეს გვითხრათ, რომ ჩვენი არმია არ აკმაყოფილებს ნატო-ს სტანდარტებს – ზელენსკი

„გთხოვთ, აღარასოდეს გვითხრათ, რომ ჩვენი არმია არ აკმაყოფილებს ნატო-ს სტანდარტებს“, – ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდიმირ ზელენსკიმ დღეს, 24 მარტს, ნატო-ს საგანგებო სამიტზე შეკრებილ ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებს.

„ერთადერთი, რასაც რუსეთთან ასეთი ომის ერთი თვის შემდეგ მოვითხოვ თქვენგან…. გთხოვთ, აღარასოდეს, გვითხრათ, რომ ჩვენი არმია არ აკმაყოფილებს ნატო-ს სტანდარტებს. ჩვენ ვაჩვენეთ, რა შეუძლია ჩვენს სტანდარტებს და რამდენად შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ საერთო უსაფრთხოებაში ევროპასა და მსოფლიოში“, – მიმართა ნატო-ს სამიტზე შეკრებილებს ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ხალხისა და ქალაქების გადასარჩენად უკრაინას სჭირდება სამხედრო დახმარება შეზღუდვების გარეშე, ისევე, როგორც შეზღუდვების გარეშე, რუსეთი გამოიყენებს მთელ არსენალს უკრაინის წინააღმდეგ.

ზელენსკის თქმით, რუსეთი არ ფიქრობს და არ აპირებს უკრაინაზე გაჩერებას და მას უფრო შორს წასვლა სურს ნატო-ს წევრების წინააღმდეგ.

„ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი – ეს უდავოა. შეწყვეტს თუ არა ნატო ფიქრს იმაზე თუ როგორი რეაქცია ექნება რუსეთს? ვინ შეიძლება იყოს ამაში დარწმუნებული? და ხართ თუ არა დარწმუნებული, რომ მე-5 მუხლი იმუშავებს? „ბუდაპეშტის“ [შეთანხმება] ჩვენთვის აღარ მუშაობდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.


1994 წელს ბუდაპეშტის მემორანდუმით უსაფრთხოების გარანტიების შესახებ უკრაინა მიუერთდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას. მემორანდუმის მხარეებმა — შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და ბრიტანეთმა — აიღეს ვალდებულება „პატივი სცენ უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და არსებულ საზღვრებს“ და „თავი შეიკავონ ქვეყნის წინააღმდეგ მუქარისგან ან ძალის გამოყენებისგან“. ამ გარანტიებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა უკრაინის მთავრობის დარწმუნებაში, დაეთმო მსოფლიოს სიდიდით მესამე ბირთვულ არსენალი, რომელიც შედგებოდა დაახლოებით 1900 სტრატეგიული ბირთვული ქობინისგან. თუმცა რუსეთმა ეს მემორანდუმი ჯერ კიდევ 2014 წელს დაარღვია ყირიმის ანექსიით.

ცნობისთვის, 2010 წელს, პრეზიდენტი იანუკოვიჩის დროს, უკრაინამ კანონმდებლობით განსაზღვრა უბლოკო სტატუსი. მიუხედავად ამისა, 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, მანამდე კი წინააღმდეგობა გაუწია უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას. მაიდნის მოვლენების შედეგად ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2014 წლის დეკემბერში უკრაინამ უბლოკო სტატუსზე უარი თქვა.

176 ნახვა
desktop
mobile catfish