დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება

დღეს 18:00 საათზე ბორჯღალოსნები ქუთაისში, „აია არენაზე“ ივლისის ტესტ-სერიის დასკვნით შეხვედრას პორტუგალიასთან გამართავენ.

ისტორიული გამარჯვების შემდეგ სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო შემადგენლობაში 8 ცვლილება განახორციელა. 9 ნომრის პოზიციაზე თამაშს გელა აფრასიძე იწყებს. ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს დემურ თაფლაძე შეუწყვილდება, ფრთაზე კი ძირითადში მირიან მოდებაძე გამოჩნდა.

წინა შეხვედრის შემდეგ, შარიქაძის გარდა ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს მგეზავმა თედო აბჟანდაძემ, ფრთა სანდრო თოდუამ და ფულბეკმა დავით ნინიაშვილმა.

პირველ ხაზში ორი ცვლილებაა. ბურჯის პოზიციაზე ძირითადში პირველადაა ნიკა აბულაძე, რომელსაც სანაკრებო დებიუტი იტალიასთან ჰქონდა. როტაციის პრინციპით, თამაშს იწყებს კვაჭი გიორგი ჭყოიძე, მარჯვენა ბურჯი კი კვლავ ბექა გიგაშვილია.

სრულად შეიცვალა მეორე ხაზი, სადაც ლადო ჩაჩანიძეს კოტე მიქაუტაძე შეუწყვილდება. მიქაუტაძემ იტალიასთან ტრავმის გამო ვერ ითამაშა, ჩაჩანიძეს კი დებიუტი ბათუმში ჰქონდა და ახლა ძირითადში პირველად იწყებს.

მესამე ხაზში ოთარ გიორგაძის ნაცვლად სასტარტოში სანდრო მამამთავრიშვილი დაწინაურდა. ადგილი შეინარჩუნეს ბექა საღინაძემ და ბექა გორგაძემ.

იტალიასთან არ უთამაშიათ და მარქაფაში არიან კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე, ბურჯი გურამ პაპიძე და მესამეხაზელი ლუკა ივანიშვილი. თადარიგში გადაინაცვლეს ბურჯმა გურამ გოგიჩაშვილმა, მეორეხაზელმა ნოდარ ჭეიშვილმა, 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ და შუამარბმა გიორგი კვესელაძემ. შეცვლაზეა ლაშა ხმალაძე, რომელიც იტალიასთანაც მარქაფაში იყო.

297 ნახვა
desktop
mobile catfish