მთელი გუნდი ხელში აყვანილმა გადმოგვსვა ვერტმფრენიდან, მას მერე დამინახავდა თუ არა იცინოდა – სულ ხელში აყვანილმა უნდა გატაროო – მარიკა ბაკურაძე ტრაგიკულად დაღუპულ მფრინავ ლევან ჩოხელს იხსენებს

მთელი გუნდი ხელში აყვანილმა გადმოგვსვა ვერტმფრენიდან, მას მერე დამინახავდა თუ არა იცინოდა – სულ ხელში აყვანილმა უნდა გატაროო, – ამის შესახებ მარიკა ბაკურაძე სოციალურ ქსელში წერს და ტრაგიკულად დაღუპულ მფრინავ ლევან ჩოხელს იხსენებს.

„პირველად რომ ლევან ჩოხელთან ერთად ვიფრინე, ზამთარი იყო, ხევსურეთი, ცუდი რელიეფი, წელამდე თოვლი, ვერტმფრენი ვერ დაჯდა და ჰაერში გააჩერეს. მთელი გუნდი ხელში აყვანილმა გადმოგვსვა, მას მერე დამინახავდა თუ არა იცინოდა – სულ ხელში აყვანილმა უნდა გატაროო. როდესაც ფრენაზე მივიდოდი, აეროდრომზე შესვლისთანავე ვცდილობდი მფრინავებს შორის ეს ოქროს კაცი მეპოვა. სანდო და პროფესიონალი, მშვიდი და ღიმილიანი. მეორე დღეა ჩემს სიუჟეტებს ვეძებ, ვუყურებ, ვატრიალებ ამ კადრებს და გული მეგლიჯება. სულ ვფიქრობ იმ ბოლო წამებზე, რომ დაეშვნენ, მიხვდნენ რომ საშველი აღარ იყო და ჩავარდნენ, ნეტავ რას ფიქრობდა, რა განიცადა.. ასეთი ხალხი ასე წამში როგორ დავკარგეთ…“, – წერს მარიკა ბაკურაძე.

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, გუდაურთან, 29 ივლისს ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.

548 ნახვა
desktop
mobile catfish