პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი - კამპანიაა დაწყებული „ქართული ოცნების” პრემიერის მიერ და მერე პატარ-პატარები აგრძელებენ - ეს ეხება 4 ოქტომბერს, თურმე, მე ორგანიზატორი ვარ ან ორგანიზატორებს შორის ვიმყოფები
38 წუთის წინ

სალომე ზურაბიშვილი - კამპანიაა დაწყებული „ქართული ოცნების” პრემიერის მიერ და მერე პატარ-პატარები აგრძელებენ - ეს ეხება 4 ოქტომბერს, თურმე, მე ორგანიზატორი ვარ ან ორგანიზატორებს შორის ვიმყოფები

კამპანია, პირველ რიგში, დაწყებულია „ქართული ოცნების” პრემიერის მიერ და მერე პატარ-პატარები აგრძელებენ ამას. ეს ეხება 4 ოქტომბერს. თურმე, მე ორგანიზატორი ვარ ან ორგანიზატორებს შორის ვიმყოფები, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის მიმართ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

ზურაბიშვილის თქმით, მის წინააღმდეგ ჰიბრიდული კამპანია სწორედ იმიტომ გააქტიურდა, რომ ის ხალხის ინტერესებს იცავს და მათ მოთხოვნას აჟღერებს.

„მე მგონი, მიგაჩვიეთ და მეც მივეჩვიე იმას, რომ რაც არ უნდა ლანძღვა, შეურაცხყოფა, თავდასხმები იყოს, მე არ ვთვლი საჭიროდ იმას, რომ ვუპასუხო ყოველ ჯერზე, თუმცა არასწორად მიმაჩნია საზოგადოების მიმართ, რომ როცა დრო დგება, ისეთი თავდასხმა, რომელიც კამპანიის ნაწილია, არ მივცე ამას რეაქცია და დავტოვო ბუნდოვანება იმ საკითხზე, რასაც ეხებიან.

ეს კამპანია, პირველ რიგში, დაწყებულია „ქართული ოცნების” პრემიერის მიერ და მერე პატარ-პატარები აგრძელებენ ამას. ეს ეხება 4 ოქტომბერს. თურმე, მე ორგანიზატორი ვარ ან ორგანიზატორებს შორის ვიმყოფები.

ეს სრულიად მიუღებელია ჩემთვის არა მარტო იმიტომ, რომ ფაქტობრივად არაფერს ეფუძნება და არანაირად არ ვყოფილვარ დაკავშირებული არც ორგანიზებასთან, არც მონაწილეობასთან. არც ვიცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც ასევე უსამართლოდ არიან დღეს ციხეში. მათთან არ მქონია არანაირი კავშირი და ვერც მექნებოდა იმიტომ, რომ მთელი ჩემი მრწამსი არის იმაში, რომ ამ ქვეყანას თავისი დემოკრატიული წყობის გამყარება სჭირდება.

სამწუხაროდ, ჩემი ამ ქვეყანაში ყოფნის დროს ეს ნაკლებად ხდება და ავტორიტარული რეჟიმიდან გადავდივართ რუსული ტიპის ავტორიტარიზმში. მაგრამ ამის მიუხედავად, მე მიმაჩნია, რომ ჩვენი მომავალი დემოკრატიული მომავალია, სადაც ხალხი თავის გზას მშვიდობიანად აირჩევს და ეს დროც მოვა. ვუყურებთ იმას, რაც ბულგარეთში მოხდა. მთავრობა უნდა გადადგეს შიდა და გარე მშვიდობიანი ზეწოლის ქვეშ.

მე ასე ვფიქრობდი სააკაშვილის რეჟიმის დროს, როცა 138 დღე ვიდექი და ვიძახდი, არც გადატრიალება, არც გარიგება! იგივე მრწამსით ვარ დღეს - არც გადატრიალება, არც არანაირი შეგუება-გარიგება ამათთან („ქართულ ოცნებასთან”).

რა აზრი ექნებოდა, სასახლისკენ მქონოდა გეზი, როცა ჩემი ნებით დავტოვე სასახლე და ვთქვი კიდეც, რატომ. იმიტომ, რომ შენობა მხოლოდ შენობაა, არაფერს არ წარმოადგენს და ის მთავარი, რასაც სახელმწიფოებრიობა ჰქვია, არ ეხება იმას, რომელიმე შენობაში იყოს პრეზიდენტი, რომელიც დღეს ლეგიტიმურობის ბოლო კუნძულს წარმოადგენს.

ლეგიტიმურობა არ ნიშნავს იმას, რომ ჩემთვის რაღაც მინდა. მე იმ ინსტიტუტისთვის მინდა, რომელსაც ჯერ კიდევ წარმოვადგენ და თუ ეს ლეგიტიმურობა არ დავიცავი, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტიც ლეგიტიმურია, ყაველაშვილიც ლეგიტიმურია და ყველა დანარჩენი. ამიტომ, მე ვარ ჯებირი, რომელიც გვიცავს ამ არალეგიტიმური ხელისუფლებისგან და გვაძლევს საშუალებას, რომ მომავალში გვეღირსოს ის, რასაც პროტესტში მონაწილეები ითხოვენ ყოველდღიურად და გააგრძელებენ ამის მოთხოვნას - სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც შეცვლის ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას.

საინტერესოა, რომ ეს კამპანია, რომელიც დაწყებულია, არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების” წრეებიდან დაწყებული კამპანია. ამას ეხმარება და სიმბიოზშია შესული „ნაცმოძრაობის” ზოგიერთი წარმომადგენელი. ესენი („ქართული ოცნება”) მაბრალებს, რომ 4 ოქტომბრის მომწყობი ვარ და „კოლექტიური ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი წევრი და „ნაციონალური მოძრაობის” ზოგიერთი წევრი პირიქით - მაბრალებს, რომ ვარ ჩამშლელი ხან 4 ოქტომბრის, ხან 31 მარტის, ხან 9 აპრილის, სადაც თვითონ დაიწყეს პროვოკაციები ჩემი გამოსვლების დროს.

ამ თავდასხმების ერთობლიობა ალბათ დამაფიქრებელიც არის და გამამხნევებელიც. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსი პატრონებისთვის რაც არის ყველაზე მიუღებელი, არის ის ვინც, წარმოადგენს დღეს საზოგადოების დაკვეთას და საზოგადოება დღეს გამოთქვამს ღრმა უკმაყოფილებას. ეს უკვე უკმაყოფილება არ არის, ეს არის განცდა იმის, რომ ქვეყანა მიდის რუსეთისკენ და რომ ამის შეჩერება არის აუცილებელი, მაგრამ ამ საზოგადოებას ამავე დროს არ უნდა არც „ნაციონალური მოძრაობის” წარსულში დაბრუნება და არც დღევანდელი „რუსული ოცნების” ხელში დარჩენა.

ეს არის საზოგადოების დაკვეთა და რადგან მე ამ დაკვეთის სიმბოლოდ ვრჩები, ამიტომ არის ასეთი აქტიური კამპანია დაწყებული, რომელიც პირდაპირ ერთვება იმ ჰიბრიდულ კამპანიაში, რომ საქართველო ბოლომდე დაიპყროს რუსულმა მოდელმა. ეს არ ნიშნავს მაინც და მაინც რუსების ჯარით შემოსვლას, მაგრამ ამ რეჟიმის ხელით ხდება ქართული სულის, ქართული იდენტობის და, რაც მთავარია, ქართული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაპყრობა. მე რომ ამას არასდროს არ შევეგუები, ალბათ ამიტომ ვარ ბევრისთვის აუტანელი და ვაპირებ, რომ კიდევ დიდი ხანი ვიყო აუტანელი”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, 4 ოქტომბრის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ დაანონსებული იყო დამხობის აქცია.

„დამხობას არ აქვს ორი ინტერპრეტაცია - დამხობა არის დამხობა. პირდაპირ იყო მოწოდება დამხობისკენ და ამ აქციაზე მივიდნენ ადამიანები, კონკრეტული მიზნით, მათ შორის იყვნენ სამი პარტიის წარმომადგენლები, ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ისინი მივიდნენ ამ აქციაზე დამხობის სურვილით და მიზნით, თუმცა, როგორც კი ნახეს, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, მაშინვე გაემიჯნნენ დამხობის აქციას“, - განაცხადა პრემიერმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები