თურქეთში საქართველოს ელჩი: როგორც ჩვენ ვიცით, საქართველოს ორი მოქალაქე ნანგრევებშია მოყოლილი, მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, ამ დროისთვის თურქეთში საქართველოს ექვსი მოქალაქის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე თქმით, ორი მოქალაქე ნანგრევებშია მოყოლილი.

„100 მოქალაქიდან 80 მოძიებულია. 14 რთული შემთხვევა იყო, აქედან ორი გარდაცვლილია. როგორც ჩვენ ვიცით, 2 ნანგრევებშია მოყოლილი და მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები“, – განაცხადა ჯანჯღავამ.

ბოლო ცნობით თურქეთსა და სირიაში, მიწისძვრის შედეგად, გარდაცვლილთა რაოდენობა თითქმის 5000-ს აღწევს. განადგურებულია ინფრასტრუქტურა, შეზღუდულია გადაადგილება, რეგიონში უმძიმესი ვითარებაა. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრების გამო, საქართველოს მთავრობამ სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამისი ტექნიკა და მაშველები გაგზავნა.

112 ნახვა
desktop
mobile catfish