არასრულწლოვანს მამამ სექსუალური ორიენტაციის გამო, ქონება წაართვა

2019 წლის 7 თებერვალს სასამართლომ დააკმაყოფილა “თანასწორობის მოძრაობის” იურისტების სარჩელი, რომლითაც ყადაღა დაედო იმ ქონებას, რომელიც მამამ სექსუალური ორიენტაციის გამო, თავის შვილს მოტყუებით წაართვა.

სასამართლო გაეცნო “თანასწორობის მოძრაობის” იურისტების წარდგენილ შუამდგომლობას, შეამოწმა მისი დასაბუთებულობა და მიიჩნია რომ ყადაღის გამოუყენებლობა გააძნელებდა, ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას, ან გამოიწვევდა სადავო ან დარღვეული უფლების განხორციელების შეუძლებლობას, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნია სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.

“თანასწორობის მოძრაობის” ინფორმაციით, საქმე შეეხება უძრავ ქონებას, რომელიც ბაბუამ თავის არასრულწლოვან შვილიშვილს, გ.ფ-ს 5 წლის წინ აჩუქა. მას შემდეგ, რაც გაიგეს გ.ფ-ს სექსუალური ორიენტაციის შესახებ, ეს ქონება მამამ – კ.ფ-მ, ბაბუამ და მამიდამ ერთი წლის წინ ჯერ გადააფორმეს ისევ ბაბუის სახელზე, შემდეგ კი მამიდაზე.

კანონმდებლობის მიხედვით, მამას, როგორც მეურვეს უფლება ჰქონდა, რომ მისი შვილის სახელზე რიცხული ქონება სხვის სახელზე გაეფორმებინა. აღსანიშნავია ის, რომ მამის ეს ქმედება განპირობებული იყო დისკრიმინაციული საფუძვლით –  მამას არ მოსწონდა, რომ მის შვილს განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია და თვითგამოხატვა აქვს.

„თანასწორობის მოძრაობის“ იურისტებმა სწორედ ეს გარემოება მიუთითეს სარჩელში, რომ მოპასუხე მხარემ, დისკრიმინაციული მოტივით გამოიყენა ყველა მის ხელთ არსებული ზომა, რათა არასრულწლოვანი გ.ფ დაეტოვებინა საკუთრების და თავშესაფრის გარეშე.

შვილის სახელზე აღრიცხული ქონების გაჩუქებამდე, მამა შვილზე ძალადობდა სისტემატურად: კვირაში ორჯერ, ან სამჯერ აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოძალადე მამა 2018 წლის თებერვალში სასამართლომ დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

“თანასწორობის მოძრაობის” იურისტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული სარჩელის წარდგენაც იქნებოდა მაპროვოცირებელი და შეეცდებოდნენ მაქსიმალურად შეშლოდა ხელი გ.ფ-ს დარღვეული უფლების აღდგენას.

expressnews.com

Related posts