ბაჩო ახალაიას არანაირი კავშირი არ აქვს 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებასთან. საერთოდ. თავიდან ბოლომდე, 4 ოქტომბრის საქმე არის აბსურდი, იმიტომ, რომ არანაირი ძალადობა ჩვენ იქ არ გვინახავს, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა ჟურნალისტებს სუს-თან განუცხადა.
ანი ნადარეიშვილის თქმით, როგორც ადვოკატს შესვლა უნდოდა სუს-ის იზოლატორში, სადაც დაკავებული ბაჩო ახალაია იმყოფება, თუმცა ვერ შევიდა. რაც შეეხება გუშინ, თავად ნადარეიშვილის დაკავებას, მისი თქმით, უწყებაში განუმარტეს, რომ ბრალი მოხსნილი აქვს.
„მითხრეს, რომ ბრალი მოხსნილი მაქვს. ასე გამომიშვეს გუშინ იზოლატორიდან. ასე მითხრა თვითონ გამომძიებელმა, ვინც წამიყვანა და დამაკავა, მაგრამ არანაირი დოკუმენტი ჩემთვის არ უჩვენებიათ. მთელი ბრიფინგი იყო სრული ბოდვა, თავიდან ბოლომდე. ბოლოს როგორც დაასრულეს, რომ ბაჩო ახალაია ცოლის გადასარჩენად ჩვენებას არ გვაძლევსო, ასეთი ბოდვა იყო. დაკითხვაზე რომ სასწრაფო გამოიძახეს და რაღაც სცენარი დადგეს, ყალბი ჩანაწერი გააკეთეს, დაახლოებით ასეთი სცენა დადგეს გუშინ. სახლში რომ შემომიცვივდა ავტომატიანი ხალხი, მთელი საგამოძიებო სისტემა, დაბნეული იყო. არ იცოდნენ, რეკავდნენ, ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ, თვითონ არ იცოდნენ, რას აკეთებდნენ“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.
მან უპასუხა კითხვას, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით პოლიტიკოსებთან, მათ შორის მურთაზ ზოდელავასა და პაატა ბურჭულაძესთან.
„დიდი ხანია ორგანიზატორად ასახელებენ (ბაჩო ახალაიას). ზაფხულიდან მოყოლებული ჩვეულებრივ (ამ მდგომარეობაში) ვართ. არანაირი მტკიცებულება არ შეიძლება არსებობდეს, არ არსებობს ბუნებაში ასეთი მტკიცებულება. ბაჩო ახალაიას ტელეფონი არ აქვთ დადგენილი. ადამიანი დაკითხვაზე ორჯერ დაიბარეს და ორივეჯერ დამირეკეს მე და მე მითხრეს, რომ ბაჩო ახალაიაა დაბარებულიო. მე პირველ დარეკვაზე, როცა კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს ხმის ნიმუშის ჩასაწერად, ვკითხე, მას რატომ არ ურეკავთ-მეთქი და მიპასუხეს, რომ არ გვაქვს მისი ნომერი, არ ვიცითო და რანაირად დაადგინეს, რომ ბაჩო ახალაია ურეკავდა ვინმეს საერთოდ. რაც შეეხება IP მისამართს, რა პრობლემაა, მეათე კლასელი ბავშვი გატეხავს. თუ ჩანაწერი დადგეს და გააყალბეს, IP მისამართს ვერ გატეხავდნენ და რეკვას ვერ დაიწყებდნენ, მითუმეტეს, როცა ავითარებდნენ ნარატივს, რომ ორგანიზატორი ბაჩოა? მითუმეტეს, რომ 4 ოქტომბერს ეს ადამიანები იყვნენ ჩვენ სახლთან, მთელი სუს-ი იყო ქვევით. 4 ოქტომბერს ადამიანები დააკავეს ქვევით, ვინც კი გამოძრავდა და ეკითხებოდნენ, ბაჩო ახალაიასთან ხომ არ ხარო. სამი დღე ჰყავდათ ადამიანები დაკავებული, სახელები და გვარები არ ვიცი. ანუ ჩემ სახლთან იმყოფებოდნენ და მე რა ვიცი, რომ ჩემი IP არ გატეხეს და თვითონ არ რეკავდნენ? ბურჭულაძესთან და ზოდელავასთან ნაცნობობა, ახლობლობა, ნათესაობა არ უარგვიყვია ჩვენ არცერთს და როდის ვრეკავდით და რაზე ვლაპარაკობდით - ჩვეულებრივად ადამიანები ერთმანეთს ვურეკავთ. 4 ოქტომბერს მე და ბაჩოც ვურეკავდით ერთმანეთს და ეს რატომ არ დაადგინეს? ბაჩო ახალაიას არანაირი კავშირი არ აქვს 4 ოქტომბრის ორგანიზებასთან. საერთოდ. თავიდან ბოლომდე, 4 ოქტომბრის საქმე არის აბსურდი, იმიტომ, რომ არანაირი ძალადობა ჩვენ იქ არ გვინახავს. ადამიანები გამოსულები იყვნენ პროტესტზე, ჩვეულებრივად მოწოდებაზე ასობით ათასი ადამიანი იყო გამოსული. ძალადობა იქ იყო მხოლოდ პოლიციის მხრიდან და არამარტო 4 ოქტომბერს“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.
მისი თქმით, აპირებს თუ არა ბაჩო ახალაია ჩვენების მიცემას, ამის შესახებ „არაფერი იცის“.
„არაფერი ვიცი. მე ვარ სრულ ვაკუუმში. არ მაქვს არანაირი საშუალება, ინტერნეტიც ჩაჭრილი მაქვს სახლში. არც ტელეფონები გვაქვს, ბავშვის ტელეფონიც წაღებულია. მოწყობილობა სრულად არის წაღებული“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.