ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კრიტიკულ საცხოვრებელ პირობებში მცხოვრებლები ბინებით დაკმაყოფილდებიან

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კრიტიკულ საცხოვრებელ პირობებში მცხოვრები დევნილები საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდებიან.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, კრიტიკულ საცხოვრებელ პირობებში მცხოვრებ დევნილებს დროებით ქირის გასვლა და მშენებლობების დასრულებამდე, სხვა ბინებში ცხოვრება შესთავაზეს.

„გუშინ ჩვენ გავაკეთეთ უფრო დეტალურად განცხადება, თუ როგორ ვაპირებთ დევნილი მოსახლეობის ბინებით დაკმაყოფილებას. მნიშვნელოვანია იმ დევნილების დაკმაყოფილება, რომლებიც განსაკუთრებით კრიტიკულ საცხოვრებელ პირობებში იმყოფებიან. ამ მიმართულებით მიმდინარე, ძალიან აქტიური სხვადასხვა ღონისძიებები გვაქვს. ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დევნილებისთვის თბილისში, რუსთავში, ქუთაისში და სხვადასხვა ქალაქებში უკვე შევარჩიეთ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები და ახლა მიმდინარეობს მუნიციპალიტეტებთან, ქონების მართვის სააგენტოსთან ამ მიწების გადმოსაცემად პროცესი.

პარალელურად, დაწყებული გვაქვს სხვადასხვა სამშენებლო კომპანიებთან მოლაპარაკებები ამ მიწებზე მშენებლობების დაწყების საკითხზე. ასევე, თბილისში, რადგან ასეთი კრიტიკული მდგომარეობაა სასტუმრო „ქართლთან“ დაკავშირებით, ჩვენ მოვიძიეთ მიმდინარე მშენებლობები, სადაც 200-მდე ბინაა და მათთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ არსებული ფასების ფარგლებში შემოვიდნენ გამოცხადებულ კონკურსში. მიმდინარე წელს ამ ბინებით ჩვენ მოსახლეობას დავაკმაყოფილებთ. დავადასტურებ, რომ დევნილთა სააგენტომ მოიძია ღირსეული საცხოვრებელი პირობები, სხვადასხვა ბინები, სადაც ჩვენ კრიტიკულ საცხოვრებელ პირობებში მცხოვრებ დევნილებს ვთავაზობთ ქირის გასვლას, მშენებლობების დასრულებამდე, მათ იქ ცხოვრება შეეძლებათ. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, ყველა შესაძლო რესურსს ვიყენებთ და უახლოეს პერიოდში კონკრეტული ხელშესახები შედეგი გვექნება“, – განაცხადა აზარაშვილმა.

78 ნახვა
desktop
mobile catfish