სოზარ სუბარი – უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა და მსოფლიოს თანადგომა იმედს მაძლევს, რომ ომი მალე დასრულდება და დამთავრდება ისე, როგორც ეს უკრაინას და მის მხარდამჭერ საერთაშორისო საზოგადოებას სურს

საქართველოს მთავრობის ამოცანაა, არ დავუშვათ ომი, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენჯერმე გადავიტანეთ – თუკი მშვიდობას რამე დაემუქრა, არ ვიცი, ხვალ სამშობლო გვექნება თუ არა, – ეს განცხადება პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოზარ სუბარმა გააკეთა.

სუბარის თქმით, არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელიც უფრო სოლიდარულია უკრაინის მიმართ, ვიდრე არის საქართველო და ქართველები.

მისივე აზრით, საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ოპოზიცია მხარს უჭერს არა უკრაინას, არამედ მომხდარ კატასტროფას ხელისუფლებაში მოსასვლელად იყენებს.

„ჩვენ ისეთ რთულ ვითარებაში ვართ, როცა ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია; როცა რუსული ტანკები თბილისიდან 30 კილომეტრში იმყოფებიან. ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილე გვამართებს. ერთადერთი სამშობლო გვაქვს და მასზე უნდა ვიზრუნოთ – ჩვენ სხვაგან ვერ გავიქცევით.

საქართველოს მთავრობა, პრემიერ – მინისტრის მეთაურობით აპირებს, რომ ამ ურთულეს წუთებში საქართველოში ის მშვიდობა შევინარჩუნოთ, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება – თუ ამ მშვიდობას რამე დაემუქრა, არ ვიცით ხვალ სამშობლო, სახელმწიფო გვექნება თუ არა.

კარგად ვხედავთ, რომ ევროპა, ნატოს წევრი ქვეყნები, რომელსაც ჩვენზე გაცილებით მეტი ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალი აქვთ, თავს იკავებენ იმისგან, რომ მათი ქვეყნების უსაფრთხოებას რამე დაემუქროს. ეს არის მთავრობის ამოცანა და ამას საქართველოს მთვარობა განახორციელებს. არ უნდა დავუშვათ ომი, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენჯერმე გადავიტანეთ. უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა და მსოფლიოს თანადგომა იმედს მაძლევს, რომ ომი მალე დასრულდება და დამთავრდება ისე, როგორც ეს უკრაინას და უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო საზოგადოებას სურს. ამის შემდეგ გამოჩნდება, რამდენად სახიფათო ბეწვის ხიდზე გაიარა საქართველოს ხელისუფლებამ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

184 ნახვა

leave a reply

desktop
mobile catfish