ამირან გამყრელიძე: 400 000 დოზამდე „ფაიზერი“ აუთვისებელი რჩება – ჩემს თავზეც ვარ გაბრაზებული და თქვენზეც, ვინც ამ სისხლით ნაშოვნი ვაქცინით არ აცრილა

400 000 დოზამდე „ფაიზერი“ რჩება აუთვისებელი, ჩემს თავზეც ვარ გაბრაზებული და თქვენზეც, ვინც ამ სისხლით ნაშოვნი ვაქცინით არ აცრილა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გვქონდა ხუთი მლნ. და ძალიან გული მწყდება – აქედან „ფაიზერი“ გვქონდა დაახლოებით ორი მლნ-ზე ოდნავ მეტი, სადღაც 2 040 000. აქედან, ხაზს ვუსვამ, მილიონი იყიდა სახელმწიფომ, ნახევარი მილიონი, პირველი ჩამოსვლა თუ გახსოვთ, იყო აშშ-მ რაც გვაჩუქა და ამის შემდეგ იყო კიდევ ორი დონაცია ევროკავშირის ქვეყნების. დღეის რიცხვით, დახარჯულია „ფაიზერი“ დაახლოებით 1 700 000-მდე დოზა. ანუ სადღაც, 400 000 დოზამდე, რომელსაც აქვს ვადა 31 მარტამდე, რჩება აუთვისებელი.

ათვისებულია პირველ რიგში აშშ-ის დონაცია, რომელიც პირველი შემოვიდა ივლისში, სრულად იქნა აგვისტო-სექტემბერში ათვისებული, როცა ყველაზე მაღალი აცრის მაჩვენებელი გვქონდა, 23 000 გვქონდა დღიური გახსოვთ აგვისტოში, ცოტა მეტიც და 20 000 გვქონდა დღიური მაჩვენებელი სექტემბერში. ასევე, სრულად არის ათვისებული, რაც ბიუჯეტით იქნა ნაყიდი – ერთი მლნ. დოზა, დანარჩენი დონაციები შემოვიდა შედარებით მოგვიანებით და სამწუხაროდ, ამაზე პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან გული მწყდება, ვარ გაბრაზებული ჩემს თავზეც, ვარ ასევე გაბრაზებული სამწუხაროდ თქვენზეც, ვინც არ აცრილა და არ მივიდა ასაცრელად, რომ ასეთი ძვირფასი, ასე სისხლით ნაშოვნი ვაქცინა, რომელსაც შეეძლო, დაეცვა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე, მიუხედავად ბევრი საუბრისა, მიუხედავად ბევრი ხვეწნისა, მუდარისა, მაინც ადამიანები არ მოვიდნენ და არ აიცრნენ. დანარჩენი ვაქცინები, კიდევ ერთხელ გეუბნებით დაახლოებით ორი მლნ დოზა სხვა ვაქცინებისა – „სინოფარმი“ და „სინოვაკი“, დაახლოებით 1 600 000 დოზა ვაქცინის გვაქვს, რომელსაც ვადა აქვს 2023 წლის ივლისამდე, ანუ იმათ საკმაო ვადა აქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

205 ნახვა
desktop
mobile catfish