ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მიუღებელია, რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ მისაღებია, ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, რადიკალური ოპოზიცია – ქუჩაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც პაპუაშვილი წერს, საქართველოს მოქალაქის პასპორტი სიძლიერით მსოფლიოში 43-ე გახდა, იმ ქვეყნების რაოდენობა კი, რომლებშიც წინასწარი ვიზის გარეშე შესვლაა შესაძლებელი, 60-დან 123-მდე გაიზარდა.
„ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია. რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მათთვის მისაღებია. ეს არის და ეს. ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, ხოლო რადიკალური ოპოზიცია – ქუჩაში.
შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება. სწორედ ასე გავხადეთ რამდენიმე წელიწადში საქართველოს მოქალაქის პასპორტი მსოფლიოში სიძლიერით 43-ე, იმ ქვეყნების რაოდენობა კი, სადაც საქართველოს მოქალაქე წინასწარი ვიზის გარეშე შედის, 60-დან 123-მდე გავზარდეთ. და საქართველოს მტრების გულის გასახეთქად ეს ციფრი არათუ დაიკლებს, გაიზრდება“, – წერს პაპუაშვილი.