ნაჩო სანჩეს ამორის განცხადება სულელურია. თავისი მოკლე ჭკუით მან გადაწყვიტა, გარკვეული შეურაცხყოფა მიაყენოს „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტის წევრის, ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „საქართველოდან რეკავენ ევროკავშირში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და კითხულობენ, როგორ შეიძლება სანქციების სიიდან ამოშლა“.
„სანჩესს კარგად ვიცნობ და განცხადება როგორი გულუბრყვილოცაა, ისეთი გულუბრყვილო, მსუბუქი და ზედაპირული ადამიანია. ვერ ვიტყოდი, რომ სერიოზული პიროვნებაა, ვინც პოლიტიკაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ის ჩვეულებრივი კონიუქტურული ადამიანია, „სოციალ-დემოკრატია“, ვისაც თავისი მოსაზრებები მაშინ აქვს, როცა „სახალხო პარტიასა“ და „სოციალისტებს“ შორის თანამდებობის გადანაწილებაზეა საუბარი. ყოველ შემთხვევაში, მას ასეთად ვიცნობდი და, რასაკვირველია, მისი განცხადება სულელურია, სხვა შეფასებას ვერ მივცემ. ისეთი გულუბრყვილო ადამიანი არ არსებობს, ვინც მათ მიმართავდა სანქციების სიიდან ამოღების თაობაზე. ასეთი ადამიანები არ არსებობენ არც „ქართულ ოცნებაში“ და არ მგონია, თუნდაც ოპოზიციაში იყოს ადამიანი, ვინც ასეთ ნაბიჯს გადადგამს. ვფიქრობ, სანჩესმა თავისი მოკლე ჭკუით გადაწყვიტა, გარკვეული შეურაცხყოფა მიაყენოს „ქართულ ოცნებას““, – განაცხადა გია ვოლსკიმ.