საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის შეფასებით, 9 აპრილიდან 36 წლის შემდეგ, როცა თანამედროვე სამყარო ახალ გამოწვევებს გვთავაზობს, ქართველი ერის იდეალები - ქვეყნის დამოუკიდებლობა და ერთიანობა, პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერი საქართველოს მშენებლობა უცვლელი რჩება და ამ საქმეში ისეთივე ერთიანობაა საჭირო, როგორიც 1989 წლის 9 აპრილს იყო საზოგადოება.
„9 აპრილი თითოეული ჩვენგანის, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის განსაკუთრებული, უმნიშვნელოვანესი თარიღია - დღე, როდესაც სამშობლოს სიყვარულმა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვამ მთელი ქვეყანა, ყველა თაობა გააერთიანა საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას, ამ ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლე გაიღეს სამშობლოსთვის, მომავალი თაობების უკეთესი, თავისუფალი ცხოვრებისთვის“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
მისივე თქმით, 9 აპრილს დაღუპულთა თავგანწირვა უკვე ლეგენდად, სიმამაცის სიმბოლოდ იქცა და საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა.
„მთავარია, რომ ამ ადამიანების მსხვერპლს ფუჭად არ ჩაუვლია და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სტიმული, ახალი სუნთქვა გახდა, რომელიც საბოლოოდ, ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ გმირობისა და თავგანწირვისთვის, იმ მონაპოვრისთვის, რასაც თავისუფალი საქართველო ჰქვია“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.