დღეიდან „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა, რომლის თანახმადაც საქართველოში, უცხოელთა დასაქმება/თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოხდება.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საინისტროს ცნობით, იმისათვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე კანონიერად დასაქმდეს, ან განახორციელოს შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, მათ შორის დისტანციურად, „შრომითი საქმიანობის უფლება“ უნდა მოიპოვოს.
უწყების განმარტებით, „უცხოელთათვის „შრომითი საქმიანობის უფლების“ ნებართვებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გასცემს.
„შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პროცესი სრულად ელექტრონულია. სერვისის მიმღებმა პირებმა საჭირო დოკუმენტაცია პორტალზე https://labourmigration.moh.gov.ge/ უნდა ატვირთონ.
შრომითი საქმიანობის უფლება კონკრეტულ პოზიციასა და კონკრეტულ დამსაქმებელზე გაიცემა 1 წლამდე ვადით.
თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე თავს აარიდებს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ნორმებს ეს გამოიწვევს როგორც დასაქმებულის, ისე - დამსაქმებლის დაჯარიმებას, მათ შორის თვითდასაქმებულის უცხოელის ფინანსურ ჯარიმებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.