პოლიტიკა

ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესმა და მისმა გამამტყუნებელმა განაჩენმა დაარღვია მისი უფლება სამართლიან სასამართლო პროცესზე და პროცესის ბოროტად გამოყენებას წარმოადგენდა, - ამის შესახებ აღნიშნულია TrialWatch-ის ახალ ანგარიშში, რომელსაც „კლუნების ფონდის სამართლიანობისთვის“ აქვეყნებს.
6 წუთის წინ

ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესმა და მისმა გამამტყუნებელმა განაჩენმა დაარღვია მისი უფლება სამართლიან სასამართლო პროცესზე და პროცესის ბოროტად გამოყენებას წარმოადგენდა, - ამის შესახებ აღნიშნულია TrialWatch-ის ახალ ანგარიშში, რომელსაც „კლუნების ფონდის სამართლიანობისთვის“ აქვეყნებს.

ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესმა და მისმა გამამტყუნებელმა განაჩენმა დაარღვია მისი უფლება სამართლიან სასამართლო პროცესზე და პროცესის ბოროტად გამოყენებას წარმოადგენდა, - ამის შესახებ აღნიშნულია TrialWatch-ის ახალ ანგარიშში, რომელსაც „კლუნების ფონდის სამართლიანობისთვის“ აქვეყნებს.

ფონდის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ მზია ამაღლობელი, რომელიც ერთი წლის წინ დააკავეს, დამოუკიდებელი ქართული მედია საშუალებების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და ევროპარლამენტის სახაროვის პრემიის წლევანდელი გამარჯვებულია.

„მისი სისხლისსამართლებრივი დევნა განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან ეს ხდება პრორუსული პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს საქართველოში პრესის თავისუფლებისა და სასამართლო დამოუკიდებლობის გაუარესების ფონზე“,- აღნიშნულია პრესრელიზში.

პრესრელიზში ხაზგასმულია, რომ TrialWatch-ი დააკვირდა ამაღლობელის სასამართლო პროცესს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც პოლიციელთან შელაპარაკებისთვის მის წინააღმდეგ ბრალდებები განიხილა. მან შვიდი თვე გაატარა წინასწარ პატიმრობაში, სანამ საბოლოოდ 2025 წლის აგვისტოში ორწლიან პატიმრობას მიუსჯიდნენ, განაჩენის გამოტანის დღეს კი ბრალდებები გადაკვალიფიცირდა. ის დღემდე ციხეში რჩება.

„სისხლის სამართლის წარმოებაში მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოვლინდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების მრავალი დარღვევა, რამაც სერიოზულად შეარყია მისი დაკავების და სასამართლო პროცესის სამართლიანობა და მისი მისი გამამტყუნებელი განაჩენი დანაშაულისთვის, რომლისთვისაც მისთვის ბრალდება არ წაუყენებიათ“, - განაცხადა ცნობილმა ბრიტანელმა იურისტმა და მოსამართლემ სერ ნიკოლას ბრატცამ, რომელიც წარსულში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი იყო. ის TrialWatch-ის ექსპერტია აღნიშნულ ანგარიშში, რომელმაც სასამართლო პროცესი „D“ ქულით შეაფასა.

„ანგარიშში, რომელიც TrialWatch-ის „პრო ბონო“ პარტნიორთან, იურიდიულ ფირმა Covington & Burling LLP-თან ერთად მომზადდა, დეტალურად არის აღწერილი პროცესის სერიოზული ხარვეზები. მათ შორისაა სასამართლოს უარი დაცვის მხარის მნიშვნელოვანი მტკიცებულებებისა და მოწმეების დაშვებაზე, ასევე ამაღლობელის მოთავსება მინის „აკვარიუმში“, რამაც შეზღუდა ადვოკატთან კომუნიკაცია და შესაბამისად ხელი შეუშალა ბრალდებულს საკუთარ დაცვაში სრულფასოვანი მონაწილეობის მიღებაში. გარდა ამისა, სასამართლო გადაწყვეტილებამ ვერ წარმოადგინა ადეკვატური მიზეზები გამამტყუნებელი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის სასჯელისთვის, რაც საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა“,- აღნიშნულია პრესრელიზში.

ფონდში აცხადებენ, რომ ეს ხარვეზები, რომლებიც არც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე გამოსწორდა, მიუთითებს მართლმსაჯულების პროცესის ბოროტად გამოყენებაზე - კერძოდ, განზრახვაზე, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი დამოუკიდებელი ჟურნალისტი სამაგალითოდ დაესაჯათ, რათა დაეშინებინათ განსხვავებული აზრის მქონე სხვა ადამიანები.

„საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მიერ საჯაროდ გაკეთებულმა დამაზიანებელმა განცხადებებმა, რომლებიც წინასწარ ქმნიდნენ ნეგატიურ განწყობას, დაარღვია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება. ვინაიდან მოსალოდნელია, რომ საქმე ახლა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება, TrialWatch მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს ამაღლობელის გამამტყუნებელი განაჩენი, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი და უზრუნველყოს, რომ სასამართლოები პოლიტიკური გავლენისგან თავისუფლად მუშაობდნენ“,- აღნიშნულია პრესრელიზში.

ფონდი განმარტავს, რომ TrialWatch-ი უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს უსამართლოდ დაპატიმრებულ ჟურნალისტებს, რათა უზრუნველყოს მათი გათავისუფლება და სიტყვის თავისუფლება.

ცნობისთვის, „კლუნების ფონდი სამართლიანობისთვის“ თანადამფუძნებლები ჰოლივუდის მსახიობი ჯორჯ კლუნი და მისი ცოლი, უფლებადამცველი ამალ კლუნი არიან. ფონდი უფასო იურიდიულ დახმარებას უზრუნველყოფს სიტყვის თავისუფლებისა და ქალთა უფლებების დასაცავად 40-ზე მეტ ქვეყანაში. მისი საქმიანობის შედეგად ათობით ჟურნალისტი გათავისუფლდა, ხოლო ათასობით ქალმა მიიღო უფასო სამართლებრივი მხარდაჭერა საკუთარი უფლებების დასაცავად.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები