პოლიტიკა

"პირადი განცხადების საფუძველზე" - "ოცნების" გაზაფხულის საკადრო ცვლილებები სრულად
12 წუთის წინ

"პირადი განცხადების საფუძველზე" - "ოცნების" გაზაფხულის საკადრო ცვლილებები სრულად

წელს, "ქართული ოცნებაში" უწყვეტი საკადრო გადაადგილებები მიმდინარეობს.

ბოლოს, 7 მაისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტიდან და პოლიტიკიდან ირაკლი ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ გამართულ პირველ ყრილობაზე პარტიამ თავმჯდომარედ კვლავ ირაკლი კობახიძე აირჩია, რომელიც ამ პოსტს 2024 წლის 1 თებერვლამდეც იკავებდა.

შეიცვალა პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც, რომელიც 17-დან 15 ადამიანამდე შემცირდა. მასში აღარ შედიან: ირაკლი ღარიბაშვილი, თორნიკე რიჟვაძე, ანრი ოხანაშვილი და არჩილ თალაკვაძე. საბჭოს კი ნინო წილოსანი და სულხან თამაზაშვილი დაემატნენ. ეს უკანასკნელიც "ოცნების" პოლიტიკურ გუნდში გადაადგილების შედეგად ძალოვანი სტრუქტურიდან არის გადასული აჭარის მთავრობის ხელმძღვანელად.

ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის თავმჯდომარის პოსტი და პოლიტიკა 26 აპრილს დატოვა. მის, ისევე როგორც სხვა ყველა შემთხვევაში პარტია ამბობს, რომ "პოსტიდან წავიდა პირადი განცხადების საფუძველზე". წასულებიდან ზოგიერთზე ამბობენ, რომ პარტიის რიგითი ჯარისკაცი და მხარდამჭერი იქნება, ზოგი კი პოლიტიკური გუნდის ნაწილი. წასვლა/გაშვების რეალური მიზეზები უცნობია.

bm.ge გთავაზობთ "ქართული ოცნების" ყველა საკადრო გადაადგილებასა და განახლებას 1-ელი მარტიდან დღემდე

  • 4 მარტს აჭარაში "ქართული ოცნების" მთავრობის იმჟამინდელმა თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე წარადგინა. მას პოსტზე არავინ შეუცვლია. კულტურის მიმართულება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოეყო და ცალკე უწყებად ჩამოყალიბდა;
  • 19 მარტს „ქართული ოცნების” არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად 4 წლის ვადით მანუჩარ კაკოჩაშვილი დანიშნა;
  • 27 მარტს USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის დირექტორის მოადგილე გიორგი დარჩია სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გახდა. მას შემდეგ, რაც პოსტიდან წავიდა დავით წითლიძე, ამ დრომდე, სააგენტოს პირველი მოადგილე გიორგი ფანცულაია დირექტორის მოვალეობასაც ასრულებდა;
  • 2 აპრილს ირაკლი კობახიძემ გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად წარადგინა;
  • იმავე ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ანრი ოხანაშვილი წარადგინა;
  • ანრი ოხანაშვილი პოსტზე პაატა სალიამ შეცვალა;
  • 2 აპრილს "ქართული ოცნების" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი (დაჩი) ბერაია დაინიშნა. 2 აპრილს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბერაია პოსტზე საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ შეცვალა;
  • 4 აპრილს გაირკვა, რომ "რიგ საკითხებზე შეუთავსებლობის გამო" ლილუაშვილს რეგიონების განვითარებას აღარ აბარებდნენ. ის პოსტის გარეშეა;
  • ბოლოს ინფრასტრუქტურიდან გამიჯნული რეგიონული სამინისტრო თბილისის მერის მოადგილეს, კახაბერ გულედანს ჩაბარდა;
  • თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დასახელდა და 7 აპრილს დაამტკიცეს კიდეც. მან თორნიკე რიჟვაძე შეცვალა. რიჟვაძის შემთხვევაშიც კობახიძემ გადადგომის მიზეზად პირადი განცხადება და სურვილი დაასახელა. თავის მხრივ, რიჟვაძემ თქვა, რომ სურს, მეტი დრო დაუთმოს საკუთარ თავს;
  • თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა - ლაშა გოგნიაშვილი, რომელიც მანამდე გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი;
  • 4 აპრილს გაირკვა, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა გრიგოლ ბესელიამ. ახალი უფროსი გიორგი ბუხრაშვილი გახდა - მანამდე ის სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს მას სამცხე-ჯავახეთში;
  • 8 აპრილს "ქართული ოცნების" მთავრობის კაბინეტის იუსტიციის ახალი მინისტრის, პაატა სალიას მოადგილედ, ლაშა მაღრაძე დაინიშნა, რომელიც იქამდე სპორტის მინისტრის მოადგილე იყო;
  • 8 აპრილს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" ვანო ზარდიაშვილი დაინიშნა, რომელმაც პოსტზე გიორგი გოგნიაშვილი შეცვალა;
  • 16 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ რევაზ ნადარაია აირჩიეს;
  • 24 აპრილს "ოცნების მთავრობაში" ახლად შექმნილი რეგიონული განვითარების სამინისტროს მინისტრის, კახა გულედანის მოადგილე ამ დრომდე მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ზაზა კვიციანი დანიშნეს;
  • 24 აპრილს ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ქარსელაძის წასვლის შესახებ გახდა ცნობილი. მიზეზად, აქაც პირადი განცხადება დასახელდა. "ოცნების" სამთავრობო კაბინეტში ქარსელაძე თბილისის საკრებულოს დეპუტატმა რევაზ სოხაძემ ჩაანაცვლა;
  • 29 აპრილს "ოცნების" მთავრობის ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრის, რევაზ სოხაძის წარდგინებით, მინისტრის პირველ მოადგილედ - ვახუშტი ბაგრატიონი, ხოლო მინისტრის მოადგილედ გიორგი კობერიძე დაინიშნა; [კობახიძემ 4 აპრილს თქვა, რომ ლილუაშვილთან შეუთავსებლობის ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ მოადგილეების საკითხი იყო];
  • 6 მაისს "ქართული ოცნების" მთავრობის ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძის წარდგინებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად ბექა ურუშაძე დაინიშნა, რომელმაც პოსტზე დავით ტაბიძე შეცვალა;
  • 6 მაისს მამუკა მენაღარიშვილი დაინიშნა სს გეს „საქრუსენერგოს“ გენერალურ დირექტორად;
  • 6 მაისსვე გახდა ცნობილი, რომ "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს" ვლადიმერ ძნელაძე უხელმძღვანელებს;
  • მაისის დასაწყისში, ოფიციალური ინფორმაციით, გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი წერეთელმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. უწყებას ჯერ ახალი ხელმძღვანელი არ ჰყავს. მოვალეობას კი მოადგილე ასრულებს;
  • „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 6 მაისს საქართველოს ხუთ რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა. კობახიძის გადაწყვეტილებით მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა - ალექსანდრე ზაგაშვილმა, შიდა ქართლში - სიმონ გულედანმა, სამცხე-ჯავახეთში - ზაალ გელაშვილმა, გურიაში - გიორგი ღურჯუმელიძემ, ხოლო ქვემო ქართლში - ლევან ხარაბაძემ დაიკავეს;
  • 7 მაისს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ თანამდებობა დატოვა;
  • რკინიგზასაც ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, ყოფილი ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე. ცვლილების შესახებ ცნობილი 7 მაისს გახდა. მან პოსტზე დავით ფერაძე ჩაანაცვლა.

ამას გარდა, მარტში ახალი ელჩები დაინიშნენ ავსტრიის რესპუბლიკაში, ჟენევაში გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, უზბეკეთისა და ბელარუსის რესპუბლიკებში. აპრილში - ესპანეთის სამეფოში, სლოვენიის რესპუბლიკასა და ვატიკანში.

 

წყარო

რეგიონი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები