დღეს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1 ივნისს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. ამათან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება.

დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარს გამოაბრძანებენ და მორწმუნეებს მისი მოლოცვის შესაძლებლობა ექნებათ.

მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას თან ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ჰქონდა.

წმიდა ნინო ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. მას ძილში დაბეჭდილი წერილი ებოძა, რომელიც წარმართთა მეფისთვის უნდა მიერთმია, რადგანაც ამისთვის იყო მოვლენილი. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი.

ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.

წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27 (14) იანვარს – გარდაცვალება.

dogma.ge

Related posts