პარლამენტში ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე იმსჯელებენ

დღეს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე იმსჯელებენ.

09:00 საათზე საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება, რომელზე დასწრების საშუალება თავად ნიკა მელიას და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებს ექნებათ.

12:00 საათზე კი პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატებმა ნიკა მელიას საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით მიმართა. თავად ნიკა მელია მისთვის ბრალის წაყენებას პატივად აფასებს.

21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა.

imedinews.ge

Related posts