შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

სიტყვები არ მყოფნის… – გიგა ოთხოზორიას დედა თამაზ გინტურის მკვლელობაზე

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ, 2023 წლის 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან 58 წლის თამაზ გინტურის მკვლელობამ 2016 წლის 19 მაისი გაახსენა აფხაზი ე.წ. მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედას, ჯულიეტა ჭანტურიას. მან დღეს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სიტყვები არ ყოფნის იმ გრძნობის გამოსახატად, რაც თამაზ გინტურის ოჯახის მიმართ აქვს:

„უდიდესი ტკივილი გამახსენა. არ ვიცი, როგორ ვთქვა. სიტყვებიც არ მყოფნის გამოვხატო ის, რასაც ახლა იმ ოჯახის მიმართ განვიცდი“.

ჯულიეტა ჭანტურია თამაზ გინტურის ოჯახს უთანაგრძნობს და როგორც ამბობს, კარგად ესმის ტკივილი და ბრაზი, რომელსც საკუთარ მიწაზე ოკუპანტების მიერ მოკლულის ოჯახი განიცდის. აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 7 წლის წინ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედისთვის გამაოგნებელია, რომ დღეს საქართველოში არიან რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი ძალები: „მახრჩობს ბოღმაც, რომ ოკუპანტი ხალხის მოქმედებაში ჩვენს სასარგებლოს კიდევ ვიღაც ხედავს და მათ სამსახურში დგანან“.

ჯულიეტა ჭანტურია მიიჩნევს, რომ საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების თვალსაზრისით მდგომარეობა სულ უფრო უარესდება:

„საკუთარ მიწაზე ადამიანი გადაადგილდება, საკუთარ სამლოცველოში მიდის და უკან დაბრუნებულს ტყვიით ცხრილავენ. როგორ შეიძლება რაიმე სასიკეთოდ შეცვლილად ჩავთვალო?! რა ტკივილი მიაყენეს ოჯახს?! რისთვის და რატომ?! ეს კითხვები ეკუთვნის იმ ხალხს, ვისაც ხელეწიფება გადაწყვიტოს ეს საკითხი ისე, როგორც სახელმწიფოს შეეფერება და როგორც სახელმწიფო უნდა აგვარებდეს თავისი ხალხის ცხოვრების საკითხებს…“

გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის დღემდე არავინ დასჯილა. მის დედას, ჯულიეტა ჭანტურიას სამართლის აღსრულების იმედი არც ახლა აქვს. ჯერჯერობით არანაირი სიახლე არ არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდანაც.

ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა, 2016 წლის 19 მაისს მოკლეს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან. გიგა ოთხოზორიას მცდელობა, ოკუპირებულ აფხაზეთში პროდუქტი გაეგზავნა, აფხაზ „მესაზღვრეებთან” შელაპარაკებაში გადაიზარდა. სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად მომხდარი მკვლელობის გამო, რომელსაც თვითმხილველებიც ჰყავდა, აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა, მტკიცებულებების არარსებობის საბაბით, მალევე შეწყვიტა.

საქართველოს ხელისუფლება დღემდე უშედეგოდ ეძებს გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ყოფილ თანამშრომელს რაშიდ კანჯი-ოღლის. მას, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების საფუძველზე, სასამართლომ 2017 წელს, დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა. საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზურ მხარეს და რუსეთის საოკუპაციო ძალებს კანჯი-ოღლის გადაცემა არაერთხელ, უშედეგოდ მოსთხოვა. მსჯავრდებული უშედეგოდ იძებნება ინტერპოლითაც. გიგა ოთხოზორიას მკვლელის დასჯის მოთხოვნას ქართული მხარე მუდმივად, თუმცა, დღემდე უშედეგოდ აყენებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ყველა რაუნდზეც.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს სტრასბურგის სასამართლოც განიხილავს. ოთხოზორიას ოჯახის ინტერესებს სასამართლოში იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი“. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი 2018 წლის იანვარში შევიდა. საჩივარში ნათქვამია, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს.